ოთარ შამუგია - შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის. სხვა პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს და ამ პროგრამის ფარგლებში 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ თითქმის 1 მლრდ ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაწყებამდე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგროსესხების პორტფელი 56 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი ოცჯერ მეტს - 1.2 მლრდ ლარს შეადგენს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს აგროწარმოების განვითარებისთვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე წვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წლების წინ ქვეყანა განიცდიდა ტექნიკის მნიშვნელოვან დეფიციტს და ფერმერები ვერ ახერხებდნენ აგროვადებში სამუშაოების ჩატარებას. 120 მლნ ლარზე მეტი მივმართეთ ტექნიკის შესყიდვის მხარდასაჭერად და ფერმერებმა ამ თანადაფინანსების საშუალებით შეიძინეს 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები. რა თქმა უნდა, ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მხარდაჭერას და 20 მლნ ლარია გამოყოფილი მიმდინარე წლის ბიუჯეტით ამ მიზნობრიობით. ვაფინანსებთ მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას, სპეციალურად კოოპერატივებისათვის დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მცირე ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, გაერთიანდნენ და საკმაოდ მაღალი, 50 პროცენტიანი საგრანტო თანადაფინანსებით შეიძინონ სასურველი ტექნიკა. უკვე დაფინანსებულია 62 ასეთი კოოპერატივი და პროგრამა გრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება