ირაკლი კობახიძე - ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინური კომპანიის გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებები სპეკულაციურია.

„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების. ძალიან კარგი განაცხადი შემოიტანეს ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც თავის დროზე ჩართული იყვნენ ანაკლიის გარშემო პროცესებში, შეგახსენებთ, რომ მათ არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ იმის შესაძლებლობა, რომ ინვესტორი მოეზიდათ, თუმცა, წლების განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ინვესტორის მოზიდვა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თუმცა ამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას ცდილობენ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ პროექტის განვითარება, ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც ეს სპეკულაციები დაიწყო, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და სწორედ ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი NGO-ები აწარმოებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. კერძოდ, მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია - „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება