ჯაბა სამუშიამ თსუ-ში იაპონური ჩაის ცერემონიას უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ იაპონური ჩაის ცერემონიას და იაპონური თეატრის წარმოდგენას თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა, რომელსაც საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, საელჩოს წარმომადგენლები, თსუ-ს იაპონისტიკის სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიმართა ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონია, რომელსაც იაპონიიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები – ჩაის ცერემონიის ოსტატი ტოშიკო ონერი და კიოგენი, მსახიობი კომაკი იუ უძღვებოდნენ. იაპონელი სტუმრები მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.

თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩსა და სტუმრებს საინტერესო ღონისძიების გამართვისთვის და ისაუბრა ჩვენი ქვეყნის, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაპონიის ურთიერთობაზე.

„ჩვენ ქვეყნებს მნიშვნელოვანი ისტორიული ურთიერთობა აქვს უკვე დიდი ხანია. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გვხვდება ცნობები იაპონია-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს იაპონიის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ თსუ არის რეგიონში პირველი ადგილი, სადაც დაარსდა იაპონიის კვლევის ცენტრი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს და ჩვენი სტუდენტები წლებია იაპონიის კულტურას, ისტორიასა და ენას საფუძვლიანად ეცნობიან და სწავლობენ. ჩემი სურვილია ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს განათლების კუთხით, რადგან ქართულ-იაპონურ ურთიერთობას ეკონომიკის თვალსაზრისით დიდი მომავალი აქვს“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ მადლობა გადაუხადა თსუ რექტორს მასპინძლობისთვის და დაინტერესებულ საზოგადოებას „ჩაის ცერემონიის“ ტრადიციასა და კულტურულ მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ ამ ტრადიციას დღეს თსუ მასპინძლობს. ჩაის ცერემონია გულისხმობს ტრადიციული წესების და ეტიკეტის თანახმად იაპონური დაფქული მწვანე ჩაის მომზადების, მირთმევისა და დალევის პროცედურას. რიტუალი 400 წლის წინ ჩამოყალიბდა და დღესაც უნიკალური იაპონური კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად რჩება“, - განაცხადა ელჩმა.

ჩაის ცერემონია ანუ ჩანოიუ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალიზებულ მომზადებასა და მათ გამასპინძლებას. იაპონური ჩაის ცერემონიალი, განეკუთვნება ყველაზე უნიკალურ ხელოვნებათა რიგს. იგი ასრულებს არსებით როლს იაპონელების სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩაის ცერემონიალი მკაცრად დადგენილი რიტუალია, მასში მონაწილეობენ ჩაის ოსტატი, რომელიც ადუღებს ჩაის და ფინჯნებში ასხამს, და ისინი, ვინც ესწრება ამ ცერემონიალს და სვამენ ჩაის.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო