ლიეტუვის ელჩი - ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა, მაგრამ სურს თუ არა საქართველოს წინსვლა? ეს უნდა დაამტკიცოს, უნდა იყოს ჩემპიონთა შორის ჩემპიონი - ინტეგრაციისთვის ყველა კარი და ფანჯარა იხსნება, სამუდამოდ ღია იქნება ის? - მე არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სრულიად არასაჭირო იყო და მან უკვე იმოქმედა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობაზე. დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე თუნდაც საუბარი მისთვის როგორც პროფესიონალურად, ასევე პიროვნულადაც ძალიან უსიამოვნოა. როგორია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პერსპექტივა, როგორ აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს და ვინ არის რეალურად „გლობალური ომის პარტია“, ამ და სხვა თემებზე ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მმართველ პარტიას ბევრჯერ მოუწოდეს კანონი უკან გაეწვია. საინტერესოა, როგორ წარიმართება ახლა თბილისსა და ევროპის დედაქალაქებს შორის ურთიერთობა? რა პერსპექტივა და შანსები აქვს საქართველოს ახლა, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას?

- სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით და მხარს ვუჭერდით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დეკემბერში ჩვენ მას თავისუფლების მოედანზე აღვნიშნავდით. ახლა ჩვენ შევდივართ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სხვა ფაზაში, ფაზაში, რომელიც გადადის შემდეგ - საბოლოო საფეხურზე.

ეს არის გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყისი და ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე, წევრობაზე და არა სხვა რამეზე. იმ კანონზე, როგორც თქვენ სწორად ახსენეთ, ამდენმა ევროპელმა პოლიტიკოსმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და თუ აზრს გეოგრაფიულად,დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის შევაფასებთ, დავინახავთ, რა თქვეს დემოკრატიულმა ქვეყნებმა და რა გზავნილი იყო ავტოკრატიული რეჟიმების მიერ.

თავად ევროკავშირი მართლაც უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კანონი იყო და არის სრულიად არასაჭირო საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მან უკვე იმოქმედა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებსა და პარტნიორობაზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ უკვე განიხილა საქართველოში არსებული ვითარება მაისის ბოლოს. ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოს სხვა მიმართვა ექნება. ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა, მაგრამ სურს თუ არა საქართველოს წინსვლა? ეს უნდა დაამტკიცოს; ის უნდა იყოს ჩემპიონთა შორის ჩემპიონი ევროპულ გზაზე.

- კანონის მიღებამდე მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც გეგმავს მსგავსი კანონების მიღებას. ისინი საფრანგეთის მაგალითს ახსენებენ, სადაც უცხოური ჩარევის შესახებ ახალი კანონის მიღებას გეგმავენ. მათ მაგალითად ასევე მოჰყავთ აშშ-ში უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA). ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ არ მოუსმენიათ არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რატომ უნდა იყო ეს კანონი სხვა ქვეყნებში და არა საქართველოში. კონკრეტულად რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს კანონი ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩათვლილიყო და დასავლეთის პარტნიორი ქვეყნებისთვის მისაღები გამხდარიყო?

- დიახ, მართლაც, ევროკავშირში არის დისკუსია საბოლოო დირექტივაზე და ეს დისკუსიები ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ამავდროულად, ეს არ იქნება თავისუფლებების ხარჯზე. ყველაფერი, რაც ხდება ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტში, ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, ეს ასევე პოლიტიკური საკითხია, ამიტომ ზოგჯერ მხოლოდ სამართლებრივ ელემენტებზე ფოკუსირებისთვის, შესაძლოა, ჩვენ ასე არ ვუყურებთ საკითხს.

საქართველოში [პოლიტიკური] ტემპერატურა უკვე 2023 წლის მარტიდან შეიცვალა. ეს არის ის, რაც გვესმის პოლიტიკური ლიდერებისგან, ეს არის ის, რაც გვესმის სამოქალაქო საზოგადოებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. საქართველოში ჩვენმა ლეგალურად რეგისტრირებულმა “ლიეტუველების სათვისტომომაც” კი უკვე დაიწყო მუშაობა რეგისტრაციის გაუქმებაზე და ამ თემის საქმიანობის შეჩერებაზე.

ამ თემის წევრები არიან არა მხოლოდ ლიეტუველები, რომლებიც ახლახან ჩამოვიდნენ საქართველოთი დასატკბობად და საქართველოში მომავალი ცხოვრების ასაშენებლად, არამედ შერეული ოჯახებიც, რადგან არცერთ მათგანს არ სურს იყოს დაკავშირებული იმასთან, რაც არც ისე ნათელია.

ასე რომ, ეს ასევე ეხება იმ ინიციატივის უსაფრთხოებას, დაცვას და აღქმას, რომელიც პარლამენტმა წარადგინა და რომელიც დამტკიცდა პარლამენტის მიერ, ვეტოს დაძლევით. ეს ნამდვილად არის საქართველოს, პოლიტიკოსებისა და ხალხის სუვერენული უფლება, გადაწყვიტონ საკუთარი გზა. მაგრამ ევროკავშირში და იმ ქვეყნებში, რომლებიც მიისწრაფიან გახდნენ გაერთიანების წევრი ქვეყნები, არ არსებობს წმინდა შიდა საკითხები. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შიგნით არსებულ ყველა საკითხს უფრო დიდი ევროპული ინტერესი აქვს. ასე ვმუშაობთ ჩვენ და ასე მუშაობს შემოწმებისა და ბალანსის სისტემა.

- "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებამდე არაერთმა ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საქართველოს მიმართ, შესაძლოა, გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. საუბარი იყო ვიზალიბერალიზაციისა და ფინანსური დახმარების გამოყოფის შეჩერებაზე, ასევე გარკვეული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე. თქვენ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს წარმოადგენთ. შეგიძლიათ გვითხრათ, როდის და რა ტიპის რეგულაციები შეიძლება დაწესდეს საქართველოს მიმართ?

- ლიეტუვა, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ჩემთვის პროფესიონალურად და პიროვნულადაც ძალიან უსიამოვნოა თუნდაც ამ სანქციებზე ან საქართველოს წინააღმდეგ რაიმე კონტრზომებზე საუბარი. იმიტომ, რომ ლიეტუვა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მთელი დროის განმავლობაში, მხარს უჭერდა საქართველოს. ჩემი მთავრობის პროგრამაშიც კი, საქართველო ოთხჯერ არის მოხსენიებული, როგორც ქვეყანა, რომლის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ჩვენ მხარს ვუჭერთ. ეს საკითხი განიხილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმაოდ რთულია, სადაც კონსენსუსია საჭირო. მაგრამ რატომ ვამბობ ამას, რადგან მსურს ხაზი გავუსვა ამ კონსენსუსის კულტურას; რადგან თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს, ევროკავშირს წევრობა ასევე მოიცავს კონსენსუსის კულტურას. კონსენსუსის გარეშე ევროკავშირში არაფერი ან თითქმის არაფერი ხდება. აქ ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ზოგჯერ მათ სჭირდებათ უკან დახევა, რათა ევროკავშირმა შეძლოს წინ წასვლა. მაშ ასე, ჩემი პასუხია – დაველოდოთ, შევაფასოთ, ვნახოთ. მაგრამ ძალიან ცხადია, რომ ეს კანონი უბრალოდ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ. 15 მაისს ისინი სტუდენტების მარშს შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სიტყვით მიმართეს. მათ შორის იყო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომლის სიტყვით გამოსვლასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატი აქციაზე სიტყვით არ უნდა გამოდიოდეს. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „ეს არის შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს ხელს მოკიდებდა და პანღურებით ქვეყნიდან გაყრიდა“. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე სიტყვით გამოსვლა და რას უპასუხებდით ხელისუფლების კრიტიკას?

- პირველ რიგში, ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მათი თანამშრომლობის მიმართ ოთხი მინისტრის ვიზიტის ორგანიზებაში, მათ შორის ყველა შეხვედრის, მაღალი დონის შეხვედრების ჩათვლით - დაწყებული პრეზიდენტით, სპიკერით, პრემიერ-მინისტრითა და საგარეო საქმეთა მინისტრით დამთავრებული.

მეორეც, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში ლიეტუვის პრეზიდენტი ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა მხარდაჭერის მიზნით, მაშინ, როცა რუსული სამხედრო კონტინგენტი ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. თბილისში ჩამოსულმა მინისტრებმა გაათავისუფლეს თავიანთი განრიგი, რათა საქართველოსთვის 24 საათი დაეთმოთ. ისინი საქართველოზე და მის მომავალზე ზრუნავენ; მინისტრებმა არჩიეს შეხვედროდნენ და დამდგარიყვნენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს ევროკავშირში. ეს ემთხვევა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და საქართველოს კონსტიტუციას, რომლის ნაწილიც ევროკავშირისკენ მისწრაფებაა. მინისტრებს ძალიან ღია და გულწრფელი დისკუსია ჰქონდათ. ჩვენ ასე აღვიქვამთ დიპლომატიას. ამავდროულად, არ უნდა დავმალოთ, რომ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც შეიძლება ცოტა სხვაგვარად ფიქრობს და მოსახლეობის მეორე ნაწილი, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ხელისუფლებას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით წასასვლელად. ასე რომ, მადლობელი ვიქნები, რომ ქართველი ხალხი მიიღებს ამ ვიზიტს, როგორც ძალიან მეგობრულ ნაბიჯს, ასევე ძალიან სერიოზულ სიგნალს საქართველოს ხალხისთვის და საქართველოს მთავრობისთვის. და ისიც, რომ ყველაფერი, რაც გაკეთდა და გადაწყდა საქართველოში, იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირის სწრაფვაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ზღვარზე ვართ, საუბარია საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე. ჩვენ ეს პროცესი ოცდახუთი წლის წინ გავიარეთ. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა ვყოფილიყავით ჩემპიონები ჩემპიონთა შორის, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დაგვემტკიცებინა, რომ მზად ვართ გაერთიანებაში მისაღებად. ეს არის ის, რისი გაზიარებაც გვინდა. რაც შეეხება კრიტიკაზე პასუხს, ისინი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ხალხი არიან. მათ აქვთ განსხვავებული აზრის უფლება და ასე მუშაობს დემოკრატია.

- თქვენ 31 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგიბარეს. სამინისტროს განმარტებით, „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“. როგორ აფასებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვენს დაბარებას და მეორე მხრივ, რა სათქმელი ჰქონდა თქვენს ქვეყანას ლიეტუვაში საქართველოს ელჩისთვის...

- პირველ რიგში, მე მივიღებ ყველა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც შეხვედრას, რომელიც მიძღვნილი იქნება იმის განსახილველად, თუ როგორ შეგვიძლია წინ წავწიოთ ჩვენი ურთიერთობები. წელს, 2024 წელს, ჩვენ ვიხსენებთ და აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს. ორივე ქვეყანამ დაგეგმა კულტურული ღონისძიებები საქართველოსა და ლიეტუვაში. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ ახლოსაა ჩვენი ორი ქვეყნის ხალხი.

დიახ, ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო დღის წესრიგში. ჩვენ განვიხილეთ და გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი, როგორც დიპლომატების მანდატი არის დისკუსიები, რათა ვიპოვოთ ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების გზა. დიპლომატიური თვალსაზრისით არ ვიტყოდი, რომ შეხვედრა ძალიან ჩვეულებრივი იყო. სამინისტროში ელჩის დაბარებას აქვს გარკვეული ტემპერატურა, მე ვიტყოდი, გარკვეული დიპლომატიური ფსიქოლოგია. მაგრამ მაინც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს იმ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ.

- 31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნა. როგორც ცნობილია, მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის და ევროკავშირის არცერთი ქვეყნის ელჩი არ მივიდა. ამავდროულად, საელჩოებმა ღონისძიებაზე წარმომადგენლები გაგზავნეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა „ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო“. შეგიძლიათ გვითხრათ, რა იყო მიზეზი, რის გამოც ღონისძიებაზე პირადად თქვენ არ იმყოფებოდით, ხომ არ იყო ეს თქვენი მხრიდან ხელისუფლების მიმართ პროტესტის ფორმა?

- ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში აქ არის ბევრი სხვადასხვა სახის მოწვევა. ჩვენ ვაფასებთ, რომ ჩვენ, როგორც დიპლომატიური კორპუსი, მოწვეულნი ვართ მხარდაჭერის გამოსახატავად. ასე რომ, დასწრება-არ დასწრების საკითხს მე არ განვიხილავდი, როგორც შავსა თუ თეთრს. რა თქმა უნდა, პოლიციის დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ ან იხსენებენ, მაგრამ ამავდროულად, ჩემი სახელით, არ არსებობს რაიმე გამართლება ან კომპრომისი, როდესაც საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, ან დამოუკიდებლობის აღდგენის, ან საქართველოსთვის სხვა მნიშვნელოვან დღეებს. იმავე დღეს გვქონდა სხვა შეხვედრები, რომლებზეც შემდგომ უნდა გვემუშავა, როგორც მანდატის ნაწილი, ასევე უნდა მოგვეხსენებინა [საკუთარი ქვეყნებისთვის] ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. ჩვეულებრივ, ჩვენ ვიყენებთ საღ აზრს ასეთ შემთხვევებში.

- საერთო ჯამში, როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკა? იმ პროცესებს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ემატება სხვა საკითხებიც, მათ შორის ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება. ამასთან, საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა. რამდენად იზიარებთ უკვე ფართოდ გავრცელებულ შეფასებას, რომ ხდება საქართველოს მთავარი საგარეო პარტნიორების, ვაშინგტონისა და ბრიუსელის პეკინით „ჩანაცვლება“?

- ლიეტუვაში გვაქვს ე.წ. “კანონი ინვესტიციების სტრატეგიის შესახებ”, რომელიც ზღუდავს ევროკავშირის არაწევრი, ნატოს არაწევრი, OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) არაწევრი ქვეყნების შესვლას ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებში. ეს მოიცავს პორტის ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციებს, საბანკო სისტემას და სხვა სტრატეგიულ სექტორებს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ასეთი დილემები საკუთარ მიწაზე, რადგან ყველა სტრატეგიული სექტორი და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი ღიაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოიშვა ევროკავშირიდან, ნატოდან ან OECD-დან. ასე რომ, საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს პარტნიორი ასეთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტში. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური ელემენტები? ყველა ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს ყველა ქვეყანაში აქვს პოლიტიკური ელემენტი და აქვს სიგნალი და ჩვენც ასე ვეპყრობით ამ მასშტაბურ პროექტს. მაგრამ მაინც არ ვიტყვი, რომ დასავლეთის ინვესტორები სხვა ქვეყნების ინვესტორებმა ჩაანაცვლეს. ეს არის იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ქართული ინსტიტუტები და მთავრობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების მომავალს.

ასევე, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან შავი ზღვის დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს ინფრასტრუქტურით, რომელიც მიმართულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვაჭრობისკენ. დავამატებ, რომ ერთხელ უზარმაზარმა ჩინურმა კომპანიამ ჩვენი საზღვაო პორტის კლაიპედას მიმართ ინტერესი გამოიჩინა. განხილვის შემდეგ დავასკვენით, რომ ეს პორტი მხოლოდ ევროატლანტიკური სფეროდან წარმოშობილ ქვეყნებსა და კომპანიებთან უნდა ყოფილიყო ასოცირებული.

- საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ამბობენ, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს კართან მოცდით დაიღალა - „20 წელია ორპირ ქარში ვდგავართ“ - ეს ის განცხადებაა, რომელშიც ხელისუფლებაში ვისმენთ. საჭირო იყო და არის თუ არა დასავლეთის მხრიდან უფრო დროული და უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს თქვენთან დასაახლოებლად?

- მე გავიგებდი და აღვიქვამდი ამ შიშს, თუ ამაზე 2020 ან 2021 წლებში ვისაუბრებდით; თუმცა, მას შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის დედაქალაქებში დიდი ტრანსფორმაცია ხდება ევროკავშირის გაფართოებისადმი დამოკიდებულებაში. ისე, როგორც არასდროს, ევროკავშირის გზაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით სამი ქვეყანა დაწინაურდა: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. 2030 წლის ევროკავშირის გაფართოების შემდგომ ეტაპზე კონსენსუსიც კი არსებობს. რას ნიშნავს ეს 2030? ეს ნიშნავს, რომ 2028 წლისთვის გაწევრიანების ყველა მოლაპარაკება და საუბარი უნდა დასრულდეს. და 2028 წელი, იმის გათვალისწინებით, თუ სად ვიმყოფებით ახლა, ძალიან მალეა. ლიეტუვამ იცის ეს, რადგან ჩვენ თავად გავიარეთ ეს პროცესი.

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არის ძალიან რთული, ძალიან ღრმად ინსტიტუტების მუშაობა ყველა სექტორზე 35 მიმართულებით, მათ შორის, გარემოსდაცვითი, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და მრავალი სხვა საკითხებით. გაწევრიანების მსურველი ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ის ან იღებს რეკომენდაციებს, ან თუ მათ ამის საშუალება არ აქვთ იმ დროს, მოლაპარაკებას აწარმოებენ ამა თუ იმ წესის გამოყენების ვადების გახანგრძლივებაზე.

ხუთ-ექვს წელიწადში, იმედია, უკვე იქნება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი. ეს არ არის ის დრო, რომლის სამუდამოდ იქნება. ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს ყოფნას ევროკავშირის გაფართოების იმავე მატარებელში, რომელიც ძალიან სწრაფად მიდის.

იყავით და დარჩით მზად. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველა კარი და ფანჯარა იხსნება. სამუდამოდ ღია იქნება ის? - Მე არ ვიცი. Დარწმუნებული არ ვარ და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ გიწვდით მოწვევის ხელს, ვიმუშაოთ ერთად გაწევრიანების მოლაპარაკებებში ევროკავშირის წევრობისთვის. ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვუჭერდით მხარს, რომ საქართველო ყოფილიყო ევროკავშირის ნაწილი. ახლა ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველომ გადადგას საჭირო ნაბიჯები და იყოს უბრალოდ საიმედო პარტნიორი ამ ერთობლივ გზაზე.

- 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ქვეყანაში უკვე წლებია მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, სადაც მხარეების მთავარი წინასაარჩევნო გზავნილები ძირითადად, ოპონენტების კრიტიკით შემოიფარგლება. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდ, ჯანსაღ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიაროს. როგორია თქვენი მოწოდება ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ?

- ჩვენ ყველა ინდივიდუალურად და ერთობლივად ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მომავალზე. თავმდაბლად ვიტყოდი, რომ ვაფასებ მეტ ყურადღებას მომავალზე, პოლიტიკაზე, ჩარჩოებზე, როგორ გამოიყურება ქვეყანა და სად იქნება ის მომავალში. მნიშვნელოვანია აზრის გამოხატვა ხმისმიცემით, ვგულისხმობ ხმისმიცემას იმისთვის, რაც მოგვწონს და არა რაიმეს წინააღმდეგ.

[ხელისუფლებას და ოპოზიციას] მოვუწოდებ მხოლოდ პოლიტიკის პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას, რადგან პოლიტიკის გარეშე არაფერი ხდება. როდესაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური იდეების გაცვლა, ესეც დემოკრატიის ნიშანია, რადგან შენს მეზობლად, ჩემს მეზობლად, თავისუფლებების ისეთ დონეს ვერ ვხედავთ, სადაც პოლიტიკურ საკითხებს განვიხილავთ.

- საქართველოს ხელისუფლებაში აქვთ მოლოდინი, რომ წელს ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც სტრუქტურა თავიდან დაკომპლექტდება, მათ უკეთესი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ ევროკავშირის სტრუქტურებთან, მათ შორის უფრო მეტი მეგობარი ეყოლებათ, ვიდრე ეს დღეს. რამდენად სწორი შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი, რომ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას უკეთ შეძლებს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში არჩევნები ჩატარდება და მივიღებთ „უკეთეს ევროპარლამენტს?“

- ვფიქრობ, ეს ფილოსოფიური კითხვაა. ხანდახან, უბრალოდ კარგი ურთიერთობების დასამყარებლად, ჩვენ უნდა მოვიქცეთ შესაბამისად ახლა და არ ველოდოთ, რომ რაღაც შეიცვლება, იქნება ეს საქართველო, ლიეტუვა თუ ევროკავშირი. ჩვენ ავირჩიეთ პარლამენტის წევრები. ეს არის საზოგადოების, ხალხის გამოხატულება და ასახვა, თუ როგორი იქნება საქართველო, ლიეტუვა თუ ევროკავშირი. ვისურვებდი, რომ ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებზე, 2034 წელს, თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გქონდეთ ხმის მიცემის და თქვენი წარმომადგენლების არჩევის უფლება ევროპარლამენტში და თქვენი წვლილის შეტანა ევროპულ იდეებში. კარგია, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ზედმეტი ქმედების ან უმოქმედობის ფასად.

- მინდა გკითხოთ უკრაინაში მიმდინარე ომზეც. რუსეთის თავდასხმიდან 2 წელზე მეტი გავიდა. სამწუხაროდ,.უკრაინამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხშირად აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის სამხედრო დახმარება საკმარისი არ არის და წარმატების მისაღწევად საჭიროა უფრო ძლიერი იარაღის მიწოდება. როგორ შეაფასებდით უკრაინაში არსებულ ვითარებას და ხომ არ შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებში ომით „გადაღლა“.

- ჩვენი თაობა უპრეცედენტო გეოპოლიტიკური ვითარების წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმების პარალელურად. ჩვენ უნდა შეგვეცვალა ჩვენი აზროვნება, რომ ეს შეიძლება მართლაც მოხდეს 21-ე საუკუნეში. როგორც ლიეტუველს, ჩვენ გვქონდა ძალიან სამწუხარო გამოცდილება რუსეთის იმპერიალისტური მიდგომის მიმართ, განსაკუთრებით მათი მეზობლების მიმართ და მათ მიმართ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ამიტომაც, როდესაც საქმე ეხება საქართველოსაც, ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფლებები და დემოკრატიული ღირებულებები, იმიტომ, რომ არის დიდი პრობლემა ავტოკრატიებსა და დემოკრატიებს შორის. დემოკრატიები არ იწყებენ ომებს. ავტოკრატიები მიდრეკილნი არიან გამოიყენონ ეს მეთოდები, როგორც იარაღი საკუთარი წარმოსახვითი საერთაშორისო ურთიერთობების მიზნების მისაღწევად. მე ვამაყობ, რომ ლიეტუვის ხალხი და მთავრობა კვლავ აკეთებენ საკუთარ მაქსიმუმს. მშპ-ის წილით ჩვენ ვართ მსოფლიოს პირველ სამ ქვეყნებს შორის რომელიც აგრესორის წინააღმდეგ უკრაინელების წინააღმდეგობას მხარს უჭერს და უკრაინის მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის პატარა ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და ლიეტუვა.

როდესაც უნივერსიტეტებში სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ვხვდები, მე მესმის, რომ ჩვენ სხვა ქვეყანაში ვართ უსაფრთხოების სხვა ქოლგის ქვეშ. მაგრამ ჩემი თხოვნა თითოეულ ქართველს არის, გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ უკრაინის მხარდასაჭერად. ზოგჯერ მნიშვნელოვანია მორალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაზიარება, მეგობრებთან დარეკვა უკრაინაში და სოლიდარობის გამოხატვა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორი იქნება ევროპის კონტინენტი მომავალში. ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას მხოლოდ გამარჯვებას. ჩვენი გული და სული უკრაინასთან ერთადაა.

მინდა კომენტარი გავაკეთო “გლობალური ომის პარტიაზე”. ერთი ან ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ აზრში გვაქვს “გლობალური ომის პარტიის” ახლად შექმნილი განმარტება. ჩვენი გაგებით და რაც მინისტრმა ლანდსბერგისმა თქვა, როდესაც ის 15 მაისს აქ იმყოფებოდა საქართველოში, არის ის, რომ ერთადერთი გლობალური ომის პარტია არსებობს და ის კრემლშია. ყველა, მათ შორის ამ ქვეყანაში და ასევე კრემლის ყველა მოკავშირე “გლობალური ომის პარტიის” წევრები არიან. ასე რომ, ეს არის დიდი განსხვავება ევრო-ატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებასა და მათ შორის, ვინც ახლა უბიძგებს და დაჟინებით მოითხოვს სამხედრო გადაწყვეტილებებს საკუთარი ინიციატივებისთვის, რომლებიც საერთოდ არ არის საჭირო. ასე რომ, გლობალური ომის პარტია და ამ პარტიის შტაბ-ბინა კრემლშია. ყველა ჩვენგანი უნდა გავუმკლავდეთ მას.

- გმადლობთ, ეს იყო ჩემი ბოლო შეკითხვა. დასასრულს შეგიძლიათ მიმართოთ ქართულ საზოგადოებას...

- გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მივულოცო საქართველოს ევრო 2024-ის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლას. სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის. ვუსურვებ საქართველოს, მათ შორის სპორტის საშუალებით, ძალიან, ძალიან ახლოს იყოს ევროკავშირის წევრობასთან.

ბექა ბერიაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში