პაველ ჰერჩინსკი - ზოგიერთი ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ უმაღლესი ოფიციალური პირისგან, თითქოს ტერორიზმს ვაფინანსებთ, ვჩაგრავთ საქართველოს - ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში უბრალოდ არ ესმით, რა ხდება

პოლიტიკოსებს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში უბრალოდ არ ესმით თუ რა ხდება, ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ელჩის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ბრალდება ტერორიზმის მხარდაჭერასა და დაფინანსებას ეხებოდა, რაც უსაფუძვლოა.

ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ამაყობს დახმარებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა და ნებისმიერი დეტალის, თითოეული ევროს, რომელიც საქართველოში დაიხარჯა, ნახვა შესაძლებელია შესაბამის ვებგვერდზე.

ელჩი მწუხარებას გამოთქვამს და შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირების ბრალდებებს და იმედოვნებს, რომ მსგავსი განცხადებები, არ განმეორდება.

“კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარის არგაკეთების ძალიან ნათელი პოლიტიკა მაქვს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგიერთი ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს უმაღლესი ოფიციალური პირისგან. მათ შორის ჩვენი, ევროკავშირის მიმართ, ბრალდებები თითქოს ტერორიზმს ვაფინანსებთ საქართველოში, თითქოს ჩვენ, ევროკავშირი, ვჩაგრავთ საქართველოს; ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებები.

ეს განცხადებები ძალიან მამწუხრებს. საქართველოში თითქმის ორი წლის ყოფნის შემდეგ სრულიად მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკურსი ძალიან ემოციურია. ასევე, მესმის, რომ, როგორც ყველამ ვიცით, უკვე წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ. ვცდილობ ეს განცხადებები ესკალაციურად არ მივიღო, მაგრამ რაზეც ნამდვილად ვნერვიულობ არის ის, რომ ეს განცხადებები ასევე ესმით ევროკავშირის დედაქალაქებში, ბევრ პოლიტიკოსს ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით თუ რა ხდება და ასეთი აბსურდული და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები რატომ მეორდება საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლების მიერ.

როგორც ყველამ ვიცით, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა მთავარი პრიორიტეტია 9 ნაბიჯიდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლოა, არ გამეორდება. ერთ-ერთი ასეთი განცხადება გვადანაშაულებს ტერორიზმის მხარდაჭერაში, ტერორიზმის დაფინანსებაში. მინდა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ, რომ ვამაყობთ განვითარების კუთხით მთელი ჩვენი დახმარებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განვახორციელეთ აქ, საქართველოში - ყოველთვის საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო მუშაობით. ჩვენს ვებგვერდზე თუ შეხვალთ, ნახავთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ “პროექტებს” "დააკლიკოთ". გთხოვთ, გააკეთეთ ეს. შემდეგ გადაგამისამართებთ ვეგბერდზე eu4georgia.eu-ზე, სადაც ნებისმიერი დეტალი შეგიძლიათ იპოვოთ თითოეული ევრო, რომელიც საქართველოში დაიხარჯა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება