ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს.

„მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას”, - მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.

ირაკლი კობახიძემ, ასევე, ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს და ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება