„ევროპული საქართველო“ საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

„ევროპული საქართველო“ საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

პარტიის განცხადებით, ქართველი ხალხის ეროვნული მისია შინ, თავისუფალ და უსაფრთხო ერთა ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნებაა, თუმცა „ამ მიზანს ვერ მივაღწევთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე, რომელიც რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს, საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას უთხრის ძირს”.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე სახალხო პროტესტმა და საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას რეჟიმისთვის პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობა 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობის მიერ ოპოზიციური პარტიების ძლიერ მხარდაჭერაში გადაიზარდოს, იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანის დასაცავად და მოღალატეებისთვის ძალაუფლების ჩამოსართმევად.

ამასთან, რეჟიმის დამარცხების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ივანიშვილის მიერ ქართული სახელმწიფოსთვის მიყენებული უდიდესი ზიანის გამოსწორება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის კრიტიკულად აუცილებელი, სამართლიანი და დემოკრატიული სისტემის დასაფუძნებლად სწრაფი ნაბიჯების გადადგმა.

როგორც რეჟიმის ცვლილების, ისე შემდგომი სისტემური გარდაქმნის ამოცანებისთვის, საკვანძოა, მოქალაქეთა უმრავლესობა ხედავდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ , სადაც არ არსებობს დემოკრატიული ტრადიცია; სადაც არ არსებობს ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან და გუნდთან; სადაც ბელადი სააკაშვილის და ჩრდილოვანი მმართველი კეზერაშვილის ახირებებით წყდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, პარტიის ლიდერების ჩანაცვლების და გადანაცვლების ჩათვლით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ევროპული საქართველოს“ აზრით, იმისთვის, რომ ამომრჩევლის რაციონალურ წუხილს უპასუხონ და მათი ენერგია ცვლილებების ენერგიად იქცეს, მოქალაქეების დარწმუნება სჭირდებათ, რომ „ხელისუფლების ალტერნატივას არა ანტიდემოკრატიული ძალა, არამედ დემოკრატიული გაერთიანება წარმოადგენს, რომლის წევრებიც ოლიგარქიულ, ანტიდემოკრატიულ თამაშის წესებს მკაფიოდ უარყოფენ“.

„ამ გარემოებებში, სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, ხოლო მეორე მხრივ - სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიაშია" წარმოდგენილი.

ამიტომ, „ევროპული საქართველო“ იწყებს კონსულტაციების პროცესს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, რომელიც დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და მას დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო