უმრავლესობის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ ლევან მაჭავარიანი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე კვირის სასესიო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

კერძოდ, მიმოიხილეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებული ვეტოს საკითხი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობა აღნიშნულ ვეტოს დაძლევს.

"მიმდინარე კვირაში პარლამენტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტს განიხილავს და მას პირველი მოსმენით მიიღებს. ამასთან, უმრავლესობა პარლამენტში განსახილველად საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიტანს, რომელსაც სამწუხაროდ ვერ დაამტკიცებს თუმცა, როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, შეიძლება ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც კიდევ ერთხელ გამოვლინდება, ვინ უჭერს მხარს აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მიმდინარე კვირის დღის წესრიგით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აირჩევენ. ამასთან, დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წარმომადგენლების არჩევა.

სასესიო კვირა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დასრულდება: პარასკევს, პარლამენტის წინაშე ანგარიშით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წარდგება.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე გამახვილდა ყურადღება. სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ეროვნული ნაკრების წევრებს თავდადებული ბრძოლისათვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე უმრავლესობის წევრებმა სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს - პოზიცია ლევან მაჭავარიანმა დაიკავა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს