პატრიარქი - დიდია ყველას გულისტკივილი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო, მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ქართველი მუსიკოსის და მევიოლინის, ლიანა ისაკაძის­ გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ ლიანა ისაკაძემ საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა.

„დიდია ყველას გულისტკივილი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა.

სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა.

აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ ლიანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“,-აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, სადაც მყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და თბილისის მერი კახა კალაძე.

ისაკაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება