ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს, პოლონეთსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 530 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა.

თსუ-ს ცნობით, კონფერენციაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ორი დღის განმავლობაში ქართველი, პოლონელი და ლიეტუველი მეცნიერები, ისტორიკოსები და სამართლის სპეციალისტები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ მოხსენებებს წაიკითხავენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, წელს აღინიშნება ორი საიუბილეო თარიღი - 530 წლისთავი საქართველოს, პოლონეთსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან და 30 წლის იუბილე სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან. „ეს სახელმწიფოები ყოველთვის იდგნენ იმ მთავარ გზაზე, რომელსაც დიდ იმპერიასთან ბრძოლა ერქვა. ბალტიის ქვეყნებმა დაუდეს საფუძველი იმ დიდი მოძრაობას, რომელმაც საბჭოთა იმპერიის დაშლა განაპირობა. სწორედ მაშინ, კიდევ უფრო გაღრმავდა ურთიერთობა ქართველ, პოლონელ და ლიეტუველ პატრიოტებს შორის“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ რიმვიდას პეტრაუსკასის თქმით, უნივერსიტეტები ასრულებენ ძალიან დიდ როლს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან 530 წლის იუბილეს. მიუხედავად გეოგრაფიული დისტანციისა, ჩვენ ვართ ისტორიულად, კულტურულად ევროპული სახელმწიფოები. საქართველო ძალიან ახლობელია ჩვენთვის. გასული საუკუნის 90 -იან წლებში ჩვენ ვიბრძოდით დემოკრატიისთვის. სწორედ ამ ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობებს განვიხილავთ კონფერენციაზე“,- განაცხადა რიმვიდას პეტრაუსკასმა.

კონფერენციის გახსნას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზბიგნევ ოსადკოვსკი, ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი რიმვიდას პეტრაუსკასი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ასოცირებულ პროფესორს მარინა გარიშვილს სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო - უნივერსიტეტის მედალი გადაეცათ.

კონფერენციის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტში თსუ იურიდიული ფაკულტეტის მიერ კონფლიქტის გადაწყვეტის - მედიაციის ცენტრის დაარსებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც იურიდიულ სფეროში, იურიდიული ფაკულტეტი საზღვრებს გარეთ, პარტნიორ უნივერსიტეტში აარსებს ცენტრს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება