პიტერ ფიშერი - გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს - თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, ჩვენს კურსს უნდა დაუბრუნდეთ!

გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„დღეს გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განიხილება ევროკავშირის გაფართოება. აქ გერმანიის პარლამენტის სამი წევრი იმყოფება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში, ამ გაწევრიანების პროცესში. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, ევროპულმა საბჭომ, რომელიც შედგება 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისგან, გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ახლა ეს ევროკავშირის პოლიტიკაა და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შეიძლება ყველაფერი სრულიად განსხვავებულად იყოს, ჩვენ შეიძლება წინ ძალიან სწრაფად მივდიოდეთ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია.

რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვაწარმოებთ. როგორც იცით, ჩვენ ძალიან ფართო და ღრმა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ“, - აღნიშნა პეტერ ფიშერმა.

მისივე თქმით, ქართველებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ევროკავშირში გაწევრიანება.

„რომ შევაჯამოთ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა წავიდეთ და მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს: ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ, მაგრამ თქვენ იცით პროცესი. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, მაშინ თქვენ გაწევრიანებას ვერ შეძლებთ. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებმა და ქართველმა მეგობრებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის. თუ ეს გსურთ, ჩვენს კურსს უნდა დაუბრუნდეთ“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს