პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის უზრა ზეიას საქართველოში ვიზიტი ქართველი ხალხის ცალსახა მხარდაჭერა.
როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას აქვს ვალდებულება, პარტნიორებს აჩვენოს, რომ საქართველოში დემოკრატიისთვის იბრძვის და ხალხს ალტერნატივას სთავაზობს.
„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არის ქართველი ხალხის ცალსახა მხარდაჭერა. აშშ ზურგს კი არ აქცევს საქართველოს, არამედ იმ კრიზისულ ვითარებაში, სადაც მთავრობა ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებს, აშშ არის ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ვალდებულება, ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ აქ ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და ხალხს ვთავაზობთ ალტერნატივას. მთავარია, რომ ხალხის მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკური პასუხი ჰქონდეს“,- განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, ახლა გასაღები არის ქართველი ხალხის ხელში, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთოს.
„ვხედავთ, რომ პრაქტიკულად, ყოველდღიურად გვცილდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, ფინანსური, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, გვპირდებიან ძალიან დიდ გარღვევას, თუ ყველა სწორად მოვიქცევით და ხალხის ნება აღსრულდება. ოპოზიციას გვაქვს ვალდებულება, რომ ხალხის ნება აღსრულდეს და სწორედ ამ არჩევნებზე მივიდეთ ამ მომავლის განცდით“, - განაცხადა ხოშტარიამ.
როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა ძალიან პოზიტიურია.
„ჩვენ ეს არაერთ მაგალითზე დავინახეთ, იქნება ქარტია თუ ზოგადად, მისი დაპირისპირება ამ პროცესთან. „ქართული ოცნების“ პირობებში სიტუაციის შემობრუნების ვერანაირ რესურსს ვერ ვხედავ. ეს ასე რომ ყოფილიყო, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს გზები გადაჭრილია. გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ აქ არ არის მხოლოდ კანონზე საუბარი, ის მტრად აცხადებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და პრაქტიკულად, საქართველოს მარტო ტოვებს. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ბერკეტი“,-განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. როგორც ოპოზიციონერებმა შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრაზე დააყენებენ ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებს და ისაუბრებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცნობისთვის, უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასევე, შეხვდა “ქართული ოცნების” ქალ წევრებს. დაგეგმილია მისი შეხვედრა მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებსა და მედიის წარმომადგენლებთანაც.