ნინო დოლიძე - საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ, თუ რაიმე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებზე დიდ გავლენას ახდენს - ყველანაირად ეცდებიან საქართველოში მხარი დაუჭირონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ თუ რაიმე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, დიდ გავლენას ახდენს არჩევნებზე - მათი პოზიციაა, რომ ყველანაირად ეცდებიან საქართველოში მხარი დაუჭირონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ეზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

დოლიძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი გადამწყვეტი იქნება და საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებას სწორედ ამას მიაქცევენ.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ თუ რაიმე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, დიდ გავლენას ახდენს არჩევნებზე. სწორედ იმიტომ ჰყავთ ქვეყანაში გრძელვადიანი მისიები, რომ თუ წინასაარჩევნო პერიოდში პრობლემები იქნება, ეს არჩევნების დღის შეფასებაზე აისახება. ამიტომ არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ერთი დღის შეფასებით მოხდება, გადამწყვეტი პროცესი იქნება წინასაარჩევნო პერიოდი და ამას მიაქცევენ ყურადღებას”, - განაცხადა დოლიძემ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადი სასაუბრო თემა არჩევნებზე დაკვირვების საკითხი იყო.

„ძირითადი სასაუბრო თემა იყო არჩევნები. როგორ ვაპირებთ არჩევნებზე დაკვირვებას, რა მდგომარეობაა და რა მოლოდინები შეიძლება იყოს გამოცდილებიდან გამომდინარე; იქნება თუ არა სამართლიანი და როგორი შესაძლებლობები იქნება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის. კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-მა სამოქალაქო ორგანიზაციების და იმ საქმიანობის მიმართ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ - დემოკრატიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა. მათი პოზიციაა, რომ ყველანაირად ეცდებიან საქართველოში მხარი დაუჭირონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას; ყველა იმ აქტორს, ვინც ამისთვის მუშაობს და იბრძვის. რა თქმა უნდა, თუ პრობლემები იქნება, ამაზე ღიად ისაუბრებენ”, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებზე “სადამკვირვებლო მისიები ეყოლება NDI-ის და IRI-ის”.

“IRI-ის მისია მალე ჩამოდის და იმუშავებენ წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, მისიები გულისხმობს იმას, რომ არჩევნების დღესაც ჩამოვლენ მაღალი დონის წარმომადგენლები. მოკლედ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სადამკვირვებლო მისიები იქნება.

რა არის მნიშვნელოვანი - საერთაშორისო მისიები ძალიან ახლო კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ხშირად ვცვლით ინფორმაციას და მათი შედეგები, ისევე როგორც ჩვენი, ერთმანეთს ეყრდნობა, ამიტომაა მნიშვნელოვანი ორივე ტიპის დაკვირვება - საერთაშორისოც და ადგილობრივიც”, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება