გივი მიქანაძე - კვლევამ აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების 51%-ს ვებგვერდი არ გააჩნია, 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო, 68%-ს კი არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ საზოგადოებას წარუდგინა კვლევის ანგარიში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. როგორც მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს კვლევა არის 12 ივლისის მდგომარეობით და ეხება არასამთავრობო, მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს.

მისი განმარტებით, ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს, თუ რამდენად გამჭვირვალე არიან ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ.

„კანონპროექტის დაინიცირებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას. შემდგომში ამ ორგანიზაციათა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი კანონის ასრულებას არ დაემორჩილებიან და არ გაივლიან კანონის საფუძველზე რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია. ამ მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეესწავლა ხელმომწერი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რამდენად გამჭვირვალე არიან ისინი და რამდენად არის საზოგადოებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი.

ჩვენ შევისწავლეთ 12 ივლისამდე პერიოდში 474 ორგანიზაციის შესახებ არსებული ინფორმაცია საჯარო წყაროებზე. ეს შესწავლა დაეფუძნა საბაზისო ინფორმაციას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება სიღრმისეულ შესწავლას, არამედ ძირითადად ფაქტებს. შესწავლის მიზნით 7 კომპონენტი ავიღეთ: აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი; მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ან მისი ლოგო; პროექტები, რომელიც განხორციელებულია ან მიმდინარეა, არის თუ არა საჯარო; რამდენია გრანტის ოდენობა, რაც მათ თითოეულ პროექტზე აქვთ მიღებული; რა ხანგრძლივობის არის ეს პროექტი და გრანტი; აქვთ თუ არა გამოქვეყნებული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ. კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციების 51 %-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია. ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო. ორგანიზაციების 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ არწმუნებს „ქართულ ოცნებას“, რომ მიღებული კანონი აუცილებელი იყო ქართული საზოგადოებისა და ქვეყნისთვის.

„ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე გამჭვირვალე არ იყო, მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია გახდეს და საზოგადოების ინფორმირება შესაძლებელი იყოს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, დაახლოებით რამდენიმე კვირაში ეს კანონი ამოქმედდება. შემდგომში უკვე შევხედავთ, პროცესები როგორ განვითარდება. თუმცა, ფაქტია, ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი არიან ხელმისაწვდომი ინფორმაციის თვალსაზრისით და გამჭვირვალე, რეალურად, არ არიან არც გამჭვირვალე და არც ანგარიშგებას არ ახდენენ საზოგადოების წინაშე.

მოცემული ინფორმაცია შეგიძლიათ თითოეულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გადაამოწმოთ „ქართული ოცნების“ პარტიულ „ფეისბუქ“ გვერდზე, სადაც 474-ვე ორგანიზაციასთან მიმართებით შვიდივე კომპონენტზე არის წარმოდგენილი ინფორმაცია“, - განაცხადა მიქანაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო