ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის შესახებ „ქართული ოცნების“ კვლევაზე - საინტერესოა, გივი მიქანაძის ორგანიზაცია თუ მოხვდა „მიქანაძის დავთარში“ - ეს კვლევა ზერელედაა გაკეთებული, მასში ბევრი ცდომილებაა

ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა - „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარიაგივი მიქანაძის დავთარს უწოდებს” იმ ორგანიზაციების სიას, რომელთა დაკავშირებითაც „ქართულმა ოცნებამ” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და ამბობს, რომ ეს კვლევა ზერელედაა ჩატარებული.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევაში ბევრი ინფორმაციაა გამოტოვებული.

“ამ სიას დავარქმევდი "გივი მიქანაძის დავთარს". საინტერესოა, მისი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოხვდა ამ სიაში და როგორი გამჭვირვალობით გამოირჩეოდა ის ორგანიზაცია, სადაც თავად საქმიანობდა და იღებდა, მისი თქმით, უცხოური ძალის დაფინანსებას. ხელისუფლება რეალურად ამბობს, რომ ორგანიზაციები, რომელთაც 5-10 ათასი ლარი აქვთ მხარდაჭერა, რომ ადგილზე შშმ პირებს ან ხანდაზმულებს გაუწიონ დახმარება, თურმე დაკავებულები უნდა იყვნენ ვებგვერდების შექმნით და ამაში უნდა დახარჯონ ფული. თვითონ ეს კვლევაც ზერელედაა გაკეთებული. ბევრი ცდომილებაა და ინფორმაციაა გამოტოვებული. საინტერესოა, საიდან დაფინანსდა ეს კვლევა, ვინ გააკეთა და რა მეთოდოლოგიით. რუსული კანონი არ არის გამჭვირვალობაზე, რადგან საკითხი რომ ყოფილიყო იმაზე, რომ ვებ-გვერდის ქონაა აუცილებელი და ამისთვის რესურსი უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, მაშინ ამ ტიპის ცვლილებებს მიიღებდნენ. ასეთი ვალდებულება არსად არსებობს და შესაბამისად, რუსული კანონის მიღების მიზანი ეს არ ყოფილა. მისი მიზანია სტიგმატიზება, ღირსების ხელყოფა სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო სივრციდან მათი გარიყვა. ახლა ამ თემის წამოწევით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს ის, რომ დაიწყო გასაჩივრების პროცესი, მალე დაიწყება საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის პროცესი და ცდილობს ისევ თავისი პროპაგანდის რეჟიმში დაგვაბრუნოს”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

“ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა, რომელიც არასამთავრობო, მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს ეხება. შესწავლის მიზნით აღებულია 7 კომპონენტი: აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი; მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ან მისი ლოგო; პროექტები, რომელიც განხორციელებულია ან მიმდინარეა, არის თუ არა საჯარო; რამდენია გრანტის ოდენობა, რაც მათ თითოეულ პროექტზე აქვთ მიღებული; რა ხანგრძლივობის არის ეს პროექტი და გრანტი; აქვთ თუ არა გამოქვეყნებული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციების 51 %-ს ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია. ორგანიზაციების 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო. ორგანიზაციების 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება