საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გაცილება მოუწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2023-2024 სასწავლო წლის 160 კურსდამთავრებულს სწავლის დასრულება დეკანმა, აკადემიკოსმა ედიშერ კვესიტაძემ მიულოცა.

„სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის უძველესი დარგია. იმისათვის, რომ დარგის საბაზრო კომპონენტი კარგად განვითარებულად ჩაითვალოს, აუცილებელია მაღალკვალიფიციური კადრები. სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ ევროპული სტანდარტის განათლება, რაც მათი პროფესიონალიზმის გარანტიაა. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამეცნიერო მიმართულებით. აგრარულ სექტორში ჩვენს კურსდამთავრებულებზე დიდი მოთხოვნაა, რაც განსაკუთრებულად გვიმაღლებს მოტივაციას. კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დასრულებას და წარმატებებს გისურვებთ”, - განაცხადა დეკანმა.

ინფორმაციისთვის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე, საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე, 2000-მდე სტუდენტი სწავლობს და აგრარული მიმართულების 22 საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს, მათ შორის, პროგრამა - „სატყეო საქმე“ რეგიონში ერთადერთია.

სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, აგრარული მეცნიერებების განვითარების მიზნით, ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო პროგრამები: აგრარული ტექნოლოგიები; მევენახეობა და ენოლოგია; მეცხოველეობა; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე; აგრონომია; აგროინჟინერია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ფაკულტეტზე სამი, ორდიპლომიანი პროგრამა მოქმედებს. 2019 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის - Universite de RENNES 1-ის თანამონაწილეობით განხორციელდა ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა (წარმოების მენეჯმენტი რძის მრეწველობაში). ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტების პროგრამებში მონაწილეობს. პროგრამა 60 კრედიტიან მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. სასწავლო კურსს, ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ და სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები. ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, ისინი ორ - ფრანგული უნივერსიტეტისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ასევე, მევენახეობა-ენოლოგიის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან. სტუდენტმა 60 კრედიტი უნდა გაიაროს იტალიაში, რომ მიიღოს ორი დიპლომი. ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა. 2021 წლიდან სტუ-ის სამაგისტრო პროგრამა - მევენახეობა და ენოლოგია გახდა ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამა EMAVE-ს კონსორციუმის წევრი. კონსორციუმის შემადგენლობაში არიან საფრანგეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და შვეიცარიის უნივერსიტეტები. ამ პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური საშუალება ორი, ქართულ-ფრანგული დიპლომი აიღონ. სტუდენტები ერთი წლით მიდიან კონსორციუმის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მევენახეობა-ენოლოგიის სფეროში ევროპული განათლება მიიღონ და სამაგისტრო ნაშრომი მოამზადონ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია