გიორგი გაბიტაშვილი - ვიმედოვნებ, ერთად შევძლებთ მსხვერპლი ბავშვების დაცვას მეორეული ვიქტიმიზაციისგან

ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა, მათ შორის, სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელებისგან. აუცილებელია, გაგრძელდეს მსგავსი დანაშაულების ანალიზი და შენარჩუნდეს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, არასრულწლოვანის მეორეული ვიქტიმიზაციისგან მაქსიმალურად დასაცავად მნიშვნელოვანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიქმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები. ასევე, საჭიროა ბავშვის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია გამოიყენებოდეს მტკიცებულებად სასამართლოში განმეორებით დაკითხვის საჭიროების გარეშე.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში, ვისარგებლებ საკანონმდებლო წინადადების უფლებით და წარმოგიდგენთ შესაბამის უწყებებთან შეჯერებულ პროექტს, რომელიც, ვფიქრობ, ამ პრობლემას მოაწესრიგებს. ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად შევძლებთ მსხვერპლი ბავშვების დაცვას მეორეული ვიქტიმიზაციისგან“, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილმა ბავშვთა მიმართ სქესობრივ დანაშაულებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

მისი თქმით, პროკურატურა ამზადებს საინფორმაციო კამპანიას „თქვი და გადაარჩინე“, რაშიც საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი მაქვს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა არასრულწლოვანთა მიმართ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის დანაშაულზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა ერთ-ერთი მზარდი და მსხვერპლისთვის დიდი ზიანის მიმყენებელი დანაშაულია, რასაც, მისივე შეფასებით, ხელს უწყობს ტექნოლოგიური განვითარება. როგორც გაბიტაშვილმა აღნიშნა, მზარდია ღია ქსელების გამოყენებით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

„სტაბილურად იზრდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დამრღვევ პირთა გამოვლენის და დევნის მაჩვენებელი, რაც უდავოდ სწორი პოლიტიკის შედეგია. მაგალითისთვის, ბოლო 3 წლის მანძილზე დევნის მაჩვენებელმა თითქმის 4-ჯერ მოიმატა.

აუცილებელია, ამ ტიპის დანაშაულებზე შენარჩუნდეს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის გამოყენების პოლიტიკა“, - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.

გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის წევრებთან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების განხორციელება მნიშვნელოვან პრიორიტეტად დარჩება.

„ბოლო წლებში, იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომელთა მიმართ გამოყენებულია დევნის ალტერნატიული მექანიზმი, აღემატება დევნადაწყებული არასრულწლოვნების რაოდენობას. მაგალითად, ბოლო 3 წლის განმავლობაში, არასრულწლოვანთა მიმართ დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი სტაბილურად 80%-ია, ხოლო განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაჩვენებელი დაბალია და შეადგენს 3-5 პროცენტს, რაც პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების სწორად გამოყენებას ადასტურებს“, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება