საქართველო  ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას შეუერთდა

საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე - ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა" და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ.

საბოლოო დოკუმენტში ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო ჩარევა და ინფორმაციით მანიპულირება სტრატეგიულ გამოწვევას უქმნის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) წევრ ქვეყნებს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების მიმართ პირდაპირი საფრთხეების ფონზე და საზოგადოებების გამძლეობის გასაძლიერებლად საჭიროა უფრო ღრმა და სწრაფი, ოპერატიული კოორდინაცია ევროპულ სახელმწიფოებს შორის.

სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად. დიალოგების ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნების გამოცდილების, რესურსების, ცოდნისა და ექსპერტიზის პრაქტიკული გზით გაზიარება, რათა შავი და კასპიის ზღვების EPC-ს წევრებმა გადაჭრან რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოიყენონ თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალი სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება