ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 25000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე, იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტრო სისტემები.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მთლიანად შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ბაქანის კონფიგურაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორის, ლევან ცხადაძის განცხადებით, რეაბილიტაციის შემდეგ საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა 11-მდე გაიზრდება. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ურთულესი პროექტი ინფრასტრუქტურული კუთხით, რაც ბოლო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აქტიურ ფაზაშია ბაქანის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მივიღებთ ე.წ. ჩიხური ტიპის თვითმფრინავის სადგომებს. ჯამში 11 სადგომს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტად ეფექტიანად გაზრდილი მობილობით მოვემსახუროთ საჰაერო ხომალდებს. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, გაზრდილ მგზავრთნაკადს. უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ გვაქვს დაგეგმილი ბაქნის გაფართოების სამუშაოები. რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ბაქანის გაზრდისთვის და ერთდროულად უფრო მეტი საჰაერო ხომალდის მომსახურებისთვის“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ.

აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, დავით აღმაშენებლის აეროპორტი აქამდე დაპროექტებული იყო 9 საჰაერო ხომალდის თვითმავალი ტიპის სადგომებით, რეაბილიტირებული ბაქნის შემდეგ კი, აეროპორტი ნაწილობრივ გადავა ახალ ე.წ. ჩიხურ სისტემაზე.

მათივე ცნობით, თვითმფრინავების სადგომის რაოდენობა 9-დან 11-მდე გაიზრდება. საიდანაც 4 სადგომი დარჩება თვითმავალის ტიპის, ხოლო 7 სადგომი ე.წ. ჩიხურ სისტემაზე გადავა, რაც საშუალებას იძლევა, მცირე დროის მონაკვეთში აეროპორტი უფრო მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახუროს.

ქუთაისის აეროპორტის ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ენკო“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 13 მლნ ლარამდეა, რომელსაც აეროპორტების გაერთიანება სრულად საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება