თბილისში „საქსტატის“ 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იმართება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 105 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 25-წლიან თარიღთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - "გენდერული სტატისტიკა - ინკლუზიური განვითარების პროგრესის დაჩქარებისთვის“ (Accelerating progress towards inclusive development through gender statistics) იმართება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია, რომელიც საქსტატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ბელენ სანს ლუკემ მიმართეს.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ათამდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირი. მინდა, მივულოცო აღნიშნული დღე ყველა სტატისტიკოსს და მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

„ნამდვილად დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, საქსტატის იუბილეს აღსანიშნავად, და აგრეთვე აღვნიშნავთ იმ ხანგრძლივ პარტნიორობას, რომელიც საქსტატთან გვაქვს გენდერულ მონაცემებსა და სტატისტიკაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა საქსტატთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, წლების განმავლობაში უმჯობესდება გენდერული სტატისტიკა. ჩვენ ჩავატარეთ დროის გამოყენების გამოკვლევა და ვხედავთ, რომ ამ გამოკვლევას უკვე აქვს შედეგები საქართველოში. მოხარული ვარ და მოუთმენლად ველი კონფერენციასა და ჩვენი პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - განაცხადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის კვლევებისა და მონაცემთა მიმართულების ხელმძღვანელმა, პაპა სეკიმ.

საქსტატის ცნობითვე, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და ცენტრალური აზიის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეები შვიდი თემატური სესიის ფარგლებში განიხილავენ გენდერული მონაცემების მართვას ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად, დროის გამოყენების გამოკვლევას, გენდერულ სახელფასო სხვაობას, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის გამოკვლევის შედეგებს, გენდერული თანასწორობის ინდექსს, გენდერული მონაცემების სრულყოფასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება