კახა კალაძე - მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს, ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით

საქართველოს პარაოლიმპიელთა ნაკრები ზაფხულის მე-17 პარაოლიმპიურ თამაშებზე გააცილეს. პარასპორტსმენების ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც დღეს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

კახა კალაძემ ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა და პარაოლიმპიელთა ნაკრებს კი გამარჯვება უსურვა.

„გუშინ პირველი მედალი მოვიპოვეთ და მინდა ტატო გრიგალაშვილს მივულოცო. ნამდვილად საამაყოა. რა თქმა უნდა, სურვილი იყო, ოქროს მედლით დაბრუნებულიყო, მაგრამ არა უშავს, სპორტში ყველაფერი ხდება. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს. აქ უკვე ითქვა, რომ პარაოლიმპიურ თამაშებზე 6 სახეობაში 14 სპორტსმენი წარდგება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევაა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მიმართულებით მივაღწევთ გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე ხაზი სპორტის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერას გაუსვა.

„ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სპორტის მიმართულებით. ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა მინდა ერთი რამ დაგპირდეთ: ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით, სპორტსმენების გვერდით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კიდევ უფრო მეტი დარბაზი აშენდეს, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი იყოს წარმატებული. შემთხვევითი არ არის ის წარმატებები, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მოვიპოვეთ სხვადასხვა მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, თქვენც შეძლებთ ქართველი ხალხის, ქართველი გულშემატკივრის გახარებას. მინდა, წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პარაოლიმპიური ნაკრების 14-წევრიდან ერთ-ერთი, გიორგი ნიკოლაძე თბილისის მერიის თანამშრომელია.

ზაფხულის მე-17 პარაოლიმპიური თამაშები, სტარტს პარიზში, 28 აგვისტოს აიღებს და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება