კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2024 წლიდან ახალი  სადოქტორო პროგრამა - „მევენახეობა და მეღვინეობა“ დაემატა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2024 წლიდან ახალი სადოქტორო პროგრამა - „მევენახეობა და მეღვინეობა“ დაემატა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია მევენახეობისა და ენოლოგიის სფეროში მიმდინარე პროცესების კვლევა და ანალიზი, დარგში წამოჭრილი პრობლემატიკის მეცნიერული აღწერა, ახალი ცოდნისა და ინფორმაციის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო აუდიტორიისთვის გადაცემა და გაზიარება, კვლევის შედეგების წარდგენა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის პუბლიკაციებისა და კონფერენციების საშუალებით, წარმოებაში ინოვაციური სამეცნიერო სიახლეების დანერგვის ხელშეწყობა, სფეროში კვლევის თანამედროვე მეთოდებს დაუფლებული ახალი თაობის სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების აღზრდა.

სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის დეკანის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებულ პროფესორ ოლან გოცირიძის აზრით, სადოქტორო პროგრამის ამოქმედება სრულიად უნიკალური და ამავდროულად მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. მის შექმნას წინ უძღოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჯერ კიდევ 2015 წლიდან დაგეგმილი, კონცეპტუალურად გააზრებული და ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებული მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და ამოქმედების მრავალწლიანი ეტაპი.

„უნივერსიტეტმა თავი მოუყარა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, აკადემიურ პერსონალს, მეცნიერ-მკვლევრებს და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალებს; შექმნა სასწავლო, კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობისათვის განკუთვნილი უნიკალური კომპლექსური ბაზა ბიზნესის კერძო სექტორისათვის უჩვეულოდ მნიშვნელოვანი ინვესტირების გზით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათადოქტორი, დავით მაღრაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში პირველად შეიქმნა მიზნობრივი სადოქტორო პროგრამა „მევენახეობისა“ და „მეღვინეობის“ მიმართულებით, რაც დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მით უფრო, რომ ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული ტექნოლოგია იუნესკომ მსოფლიო არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა ჯერ კიდევ 2013 წელს, ხოლო ქვევრის ღვინო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) ცალკე კატეგორიად გამოყო იგი 2017 წელს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის განვითარებისა და ხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური ღვინის წარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საუნივერსიტეტო მეღვინეობას - „ეთნო ოკამი“.

უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, მეღვინეობა „ეთნო ოკამისა“ და „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი ვახტანგ წივწივაძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული კომპლექსი/მეურნეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველობის ქვეშ მოექცა, მნიშვნელოვანი რებრენდინგი განიცადა და შეიქმნა მისი განვითარების ახალი ტურისტული დესტინაციის ფართომასშტაბიანი სტრატეგიული გეგმა. ოკამი უნივერსიტეტისთვის მრავალფუნქციური აქტივობების განხორციელებისა და ღვინის წარმოებისთვის მთავარი სივრცეა, სადაც შერწყმულია ტრადიციები, თანამედროვე ხედვები და სამეცნიერო მიღწევები.

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტური ხაზის ღვინოებმა სხვადასხვა ფესტივალზე წარმატება მოიპოვა. კომპანიის დაფუძნებამ უნივერსიტეტს შესაძლებლობა მისცა, დაესახა უფრო ამბიციური გეგმები და ეწარმოებინა მაღალხარისხოვანი ღვინო. ამჟამად კომპანიაში ღვინოების დასამზადებლად ძირითად გამოიყენება ქართლის ტრადიციული ჯიშები: შავკაპიტო, თავკვერი, ჩინური, გორული მწვანე და კახეთიდან - რქაწითელი, ხაშმის ადგილწარმოშობის ზონიდან - საფერავი. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, კომპანიაში წარმოებულმა ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსებზე უკვე მოიპოვა არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სინჯის მედალი და დიპლომი. ღვინოები წარდგენილი იყო საერთაშორისო გამოფენებზეც. ეს ყველაფერი ახლადდაფუძნებული კომპანიის მნიშვნელოვანი შიდა და საერთაშორისო აღიარებაა.

ეთნო ოკამი „მევენახეობა და მეღვინეობის“ სადოქტორო პროგრამის უმთავრესი დასაყრდენია და გარანტია იმისა, რომ პროგრამა წარმატებული იქნება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო