ბსუ-ში ჟან მონეს კათედრების ფარგლებში საზაფხულო სკოლები ტარდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრების ფარგლებში ორი საზაფხულოსკოლა - ,,ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ და „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“ ტარდება.

როგორც ბსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზაფხულო სკოლაში ,,ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 21 სტუდენტი მონაწილეობს. ხუთდღიანი საზაფხულო სკოლის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ. პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოების ისტორია, კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები), საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან, სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები, ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და სხვა.

„საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოწვეულნი არიან პროფესორები უკრაინიდან, მოლდოვიდან, სერბეთიდან, რომლებიც სტუდენტებს გაუზიარებენ ასოცირებული ტრიოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას ევროინტეგრაციის შესახებ. საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

საზაფხულო სკოლა ტარდება „ერაზმუს+“-ის პროგრამის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023 წლიდან ხორციელდება. მოდული მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. ჟან მონეს მოდულის კოორდინატორია ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე.

ბსუ-ში ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ ფარგლებში, ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“ მიმდინარეობს. საზაფხულო სკოლას ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი ბსუ-ს პროფესორი სოლომონ მენაბდიშვილი უძღვება და მასში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 32 სტუდენტი. სწავლების მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირის კონკურენციის სამართლის შესახებ. საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება ევროკავშირის კონკურენციის სამართლის შემდეგი საკითხები: კონკურენციის სამართალის წარმოშობა, მისი მიზნები, ეკონომიკური აგენტების შეთანხმებული მოქმედებები (კარტელები), კარტელის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების პირობები, ეკონომიკური აგენტების მიერ დომინანტური მდგომარეობის ფლობა.

ასევე განიხილება შემდეგი აქტუალური საკითხები: დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციები, სახელმწიფო დახმარებები, ინტელექტუალური საკუთრების მიმართება კონკურენციის სამართალთან, კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება, ჯარიმები და სანქციები, თანამშრომლობის პროგრამა და სხვა.

საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ჟან მონეს კათედრა „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023 წლის შემოდგომიდან ხორციელდება, რომლის მიზანია ევროპული სწავლების გაღრმავება, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ევროკავშირის წესების კვლევის ხელშეწყობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება