პროკურატურა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ დააყენა.

როგორც პროკურორმა შუამდგომლობაში განმარტა, ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა იწყება, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისგან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ეს პოლიტიკური შეკვეთაა.

ბასილაიამ იმედი გამოთქვა, რომ სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელ შუამდგომლობას სასამართლო არ გაითვალისწინებს.

"ის გარემოებები, რაზეც პროკურორმა ისაუბრა, პირდაპირ პოლიტიკური შეკვეთაა. ეს გარემოებები ბრალდებას მაშინაც ჰქონდა, როცა სააკაშვილი დააკავეს. აღნიშნულ შუამდგომლობას სამართლებრივი მოტივები არ აქვს და აქვს სხვა მოტივები, შიში აქვს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლების და თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებენ, მას პენიტენციურ დაწესებულებაში ასე დატოვებენ. ან შესაძლოა, "ამნისტიის შესახებ კანონში" ისეთ მუხლს მიიღებენ, სადაც სხვა მექანიზმები შეეხება სააკაშვილს და ამიტომ ითხოვენ ახლა მის მიმართ პატიმრობას, მისი გაშვების შიში გაუჩნდათ.

მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება არ აქვს არავისთან, შესაბამისად, ის მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. რას ნიშნავს პატიმრობაში მყოფ პირს პატიმრობა შეეფარდოს, რომ ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს? ეს ხომ აბსურდია, ბატონო მოსამართლე?",- განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ აქვს შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს