წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს

წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

მათივე ცნობით, იმისათვის, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი, 27 კმ-იანი მონაკვეთი დაუერთდეს ზესტაფონის შემოვლით ახალ მაგისტრალურ გზას, სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისთვის, აუცილებელია 15 აგვისტოდან რიკოთის 18 კმ-იანი მონაკვეთის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტმა დროებით იმოძრაოს ძველი გზით.

„კერძოდ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კვლავ რიკოთის ახალ მაგისტრალზე გადაადგილდება.

გზის ახალი მონაკვეთების დაერთების სამუშაოები, ეტაპობრივად, სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 42 კმ-ით.

რიკოთის საუღელტეხილო ძველი გზა რეაბილიტირებულია, სადაც გამოიცვალა საფარი და განახლდა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.

შორაპანი-არგვეთას 15 კმ-იანი მონაკვეთის 9 კმ - ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან, მოძრაობა გახსნილია 12 ხიდზე და 10 გვირაბიდან - 5 გვირაბზე. 5.7 კმ-იან გზის მონაკვეთის დარჩენილ ხიდებსა და გვირაბებზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და სექტემბერში, ეტაპობრივად გაიხსნება. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალური გზის 4 მონაკვეთიდან 3 მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.

შორაპანი-არგვეთას ახალი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება