ვარკეთილში, მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა.

“ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, - განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა მოკლულის დედის მხრიდან, რომელმაც სხდომათა დარბაზი განაჩენის გამოცხადების მერე პროტესტის ნიშნად დატოვა. მოკლულის დედა აცხადებს, რომ სასამართლოს ბრალდებული გენდერის ნაწილშიც უნდა ეცნო დამნაშავედ.

„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემ შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავრდებული] გამოვა და მზეს დაინახავს. უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ, ბრძოლას გავაგრძელებ. ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა, აწი ვეღარ ვნახავ. რატომ მომიკლა შვილი, მიზეზი მითხრას”, - განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ვარკეთილში, მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში