ისრაელში ათობით ათასმა ადამიანმა, მძევლების გათავისუფლების შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართა

თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში ასიათასობით ადამიანმა, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართა.

The Time of Israel-ი წერს, რომ ორგანიზატორების შეფასებით, თელ-ავივში 300 000 ადამიანი შეიკრიბა, ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ აქციებში კი კიდევ 200 000-მა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა.

თელ-ავივის საპროტესტო აქცია დიზენგოფის ქუჩიდან დაიწყო და თავდაცვის ძალების შტაბ-ბინის ბეგინის კარიბჭისკენ მსვლელობით გაგრძელდა. დემონსტრანტებს ეჭირათ ექვსი სიმბოლური კუბო, რითაც სიმბოლურად გამოხატავდნენ ღაზაში ექვსი მძევლის ცხედრის აღმოჩენას. ისინი ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებდნენ, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს და სკანდირებდნენ : „ახლავე, ახლავე!“, „ჩვენ გვინდა, რომ ისინი ცოცხლები დაბრუნდნენ!“, „ბიბი მძევლებს კლავს!“

აქციის მონაწილეების ნაწილმა აიალონის გზატკეცილი გადაკეტა. პოლიციის განცხადებით, იძულებულები გახდნენ, აიალონზე გამართული საპროტესტო აქცია უკანონოდ გამოეცხადებინათ და „არეულობის დასაშლელად კონტროლის ზომები გამოეყენებინათ". გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენა.

თელ-ავივში დაახლოებით 30 მომიტინგე დააკავეს, გარდა ამისა მომიტინგეები დააკავეს იერუსალიმში და ქვეყნის სხვა ქალაქებში.

იერუსალიმში დემონსტრანტებმა ქალაქის შესასვლელი გადაკეტეს, სადაც მათსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ეს, სავარაუდოდ, ისრაელში გამართული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო 7 ოქტომბრის შემდეგ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება