მამუკა მდინარაძე - კრამერის განცხადებები იმ სერიიდანაა, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა რომ არის და ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს - ომის პარტიის წარმომადგენლები შეეცდებიან საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა

კრამერის განცხადებები იმ სერიიდან არის, მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა რომ არის და ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს - ომის პარტიის წარმომადგენლები, შიგნით თუ გარეთ, შეეცდებიან საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას საქართველოს არასწორი მიმართულებით სვლასა და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ქართული ოპოზიცია შეეცდება ხოლმე „გარედან გადმოგდებული მაშველი რგოლი, კარგად გამოიყენოს“.

„კრამერის განცხადებები იმ სერიიდან არის, მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა რომ არის და ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს. რამდენად სერიოზული და ადეკვატურია ეს ყველაფერი, საზოგადოება კარგად განსჯის ყველა შემთხვევაში. ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ გვექნება ძალიან ბევრი ჩარევა გარედან. ომის პარტიის წარმომადგენლები, შიგნით თუ გარეთ, შეეცდებიან საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა. ჩვენი ოპონენტები, გულმხურვალე აგენტურა შეეცდება, რომ მაშველი რგოლი, რომელიც გარედან იქნება ხოლმე გადმოგდებული, კარგად გამოიყენოს. შესაბამისად, საქართველო არასდროს დაუშვებს იმას, რომ ასეთი უხეში ჩარევების მიხედვით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება. საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ძალიან არასასარგებლოა და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. კრამერის თქმით, ის წლების განმავლობაში ახდენს ადვოკატირებას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების სახით დაეკისროს პასუხისმგებლობა ქვეყნის არასწორი მიმართულებით წაყვანისთვის და ახლაც აღნიშნული აზრის ერთგული რჩება.

„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რომელი ხელისუფლება იქნება აქ საქართველოში, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ არსებული ხელისუფლება აჩვენებს, რომ მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება“,- განაცხადა კრამერმა.

ამასთან, კრამერმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისთვის არ გამოიყენებს, განსაკუთრებით არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო