ევროკავშირი პოლტავაზე თავდასხმაზე - კიდევ ერთი მიზანმიმართული სისხლისღვრა, რომელიც ადასტურებს რუსეთის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი

ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული სისხლისღვრა, რომელიც ადასტურებს რუსეთის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს სასტიკი ომი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს გამოიწვიოს ადამიანების სიცოცხლის მაქსიმალური დანაკარგი და მიაყენოს ფართომასშტაბიანი განადგურება უკრაინას.

„ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთი განუწყვეტლივ ატერორებს უკრაინის მოსახლეობას თავისი უკანონო აგრესიული ომის წარმოებით, უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმებით, რომელთა სამიზნე, ძირითადად, სამოქალაქო ობიექტებია“, - აღნიშნულია პიტერ სტანოს განცხადებაში.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ უკრაინამ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული თავდაცვის ლეგიტიმური უფლების შესაბამისად, შეძლოს ეფექტურად აღკვეთოს ასეთი საზარელი თავდასხმები, რომლებიც ხორციელდება რუსეთის სამხედრო პლატფორმებიდან და აგრესორი უკან დახიოს.

„ევროკავშირი კვლავაც მზადაა, გააძლიეროს სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალა. ეს მიწოდება აძლიერებს უკრაინის თავდაცვას, იცავს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და ამცირებს უკრაინაში ნგრევის დონეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა