„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „ქართული ოცნებისთვის“ 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემომწირველი ალექსანდრე ბაღათურია ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს.

უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ 2021 წელს, ბაღათურიას მფლობელობაში არსებულ შპს „ახალი ბულვარს“ უსასყიდლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი, სადაც აღნიშნული კომპანია 2023 წლიდან კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.

„ბათუმის მერიამ შპს „ახალი ბულვარს“ 2021 წლის 1-ელ სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და კომერციულ საქმიანობას 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, უკანონოდ აგრძელებს. შპს „ახალი ბულვარის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი, ალექსანდრე ბაღათურია პოლიტიკური შემწირველია - 2016 წლიდან დღემდე მან „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს 253,000 ლარი შესწირა (მათ შორის, 15,000 ლარი - მიმდინარე წლის 6 აგვისტოს).

მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა კომპანიას 2023 წლის 1 სექტემბერს ამოეწურა, თუმცა კარტინგის კლუბი დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. უფრო მეტიც, შპს „ახალი ბულვარი” 2024 წლის 25 მარტამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უზუფრუქტის წესით მოსარგებლედ იყო რეგისტრირებული და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ დაიწყო ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურები მოცემული ჩანაწერის გასაუქმებლად.

საჯარო წყაროებით ვერ მოვიძიეთ ამ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ავტოდრომის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2023 წლის 1-ელ სექტემბრის შემდეგ. 2024 წლის 23 თებერვალს მივმართეთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წლის 11 მარტს გვაცნობა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარგებლობის უფლების ვადა 2023 წლის 1-ელ სექტემბერს ამოიწურა და მიმდინარე წლის 11 მარტის მდგომარეობით ის სარგებლობაში არ არის გაცემული. ამ პასუხმა დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ პოლიტიკური შემწირველის კომპანია უკანონოდ სარგებლობს მუნიციპალური ქონებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, მიიღონ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო