პრეზიდენტმა ნინო კორძახია, ალექსანდრე ბახტაძე, მარინე მიზანდარი, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი, კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახია, ალექსანდრე ბახტაძე, მარინე მიზანდარი, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი, კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა მათ სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

,,მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ ახლა უკვე ოფიციალურად, არხოტში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციისთვის [ევროპა ნოსტრას] ჯილდოს გადაცემა.

ვიცი, რომ იქ ბევრნი იყავით ჩასული, მეც მინდოდა თქვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოხერხდა. ამ პერიოდში, ცოტა რთულია ასეთი გამგზავრება ქალაქიდან.

ამიტომ მინდოდა, რომ აქ აღგვენიშნა ეს ჯილდო და სიმბოლურად, ამ სასახლეში მეთქვა ორიოდე სიტყვა სწორედ ამ ჯილდოს და პრემიის, ასევე საქართველოს ევროპა ნოსტრასთან თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც სიმბოლურად ჩვენი ევროპაში და ევროპის ჩვენთან შემოსვლაა.

ეს არ არის პირველი ჯილდო, ეს თანამშრომლობა წლების მანძილზე გრძელდება და მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრათ ,,ევროპა ნოსტრას“ იმისთვის, რომ ასეთ ყურადღებას აქცევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართულ ძეგლებს და ამ მიმართულებით მისი ინსტიტუტების მუშაობას.

მე არ ჩამოვთვლი ყველა იმ (ათამდე) ჯილდოს, რომელიც საქართველოს გადაეცა. ეს ამ დარგში ჩვენი და ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი და მჭიდრო ურთიერთობაა, რომლის გარეშეც ჩვენ არ უნდა განვაგრძოთ არსებობა, რადგან ეს თანამშრომლობა როგორც ჩვენთვის ასევე, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც აუცილებელია, რადგან ეს არ არის ცალმხრივი ურთიერთობა, ეს არის ორმხრივი და ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა.

ამ პროექტში ასევე ჩართული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „ალიფი“, რომელიც სწორედ კონფლიქტურ ზონებში ძეგლების აღდგენაზე მუშაობს და საფრანგეთის, ბრიტანეთის, პოლონეთის რამდენიმე ევროპული ორგანიზაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა მათი მხრიდან, რომელიც უნდა აღინიშნოს.

ძეგლთა დაცვა, ჩვენი ისტორიის ფონზე, ჩვენი ქვეყნისათვის სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რადგან ჩვენი იდენტობა ჩვენი ძეგლების დაცვაზე დგას, არა ძეგლებზე (ძეგლები არსებობს და იარსებებს რაღაც ფორმით), მაგრამ ძეგლის დაცვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგნებული გვაქვს მათი დატვირთვა ჩვენი არსებობისთვის, ჩვენი წარსულისა და ჩვენი მომავლისთვის.

ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილი და ნებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. და ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ არხოტში გუშინწინდელი ღონისძიებაა, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

XVI-XVII საუკუნის ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი 2023 წელს დასრულდა. ეს პროექტი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის REMPART, ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციის INTO, მისი წევრის - საქართველოს ეროვნული ფონდისა და საერთაშორისო ფონდის ALIPH სამმხრივი თანამშრომლობის ნაყოფია.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია