ალექსანდრე გოგოლაძე - იმ დღიდან, როცა საჯაროდ დავდექი ისტორიის სწორ მხარეს, მინისტრის ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, ჩემს მიმართ დაერღვია რამდენიმე კანონი

იმ დღიდან, როდესაც საჯაროდ დავდექი ისტორიის სწორ მხარეს, მინისტრის ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, ჩემს მიმართ დაერღვია რამდენიმე კანონი - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი ალექსანდრე გოგოლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას.

როგორც გოგოლაძე წერს, საგარეო უწყებასთან სამართლებრივი დავა უკვე დაწყებულია. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეიტანა, რომელიც გოგოლაძის ინტერესებს იცავს.

„დაიწყო სამართლებრივი დავა ჩემსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის.

მადლობას ვუხდი სოციალური სამართლიანობის ცენტრს და განსაკუთრებით ამ ორგანიზაციის პროფესიონალ იურისტებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ ჩემთვის ძალიან საინტერესო, თუმცა, გამოწვევებით სავსე ცხოვრების მონაკვეთში! ქეთი, მარიამ, დიდი მადლობა!

იმ დღიდან, როდესაც საჯაროდ დავდექი ისტორიის სწორ მხარეს, მინისტრის ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, სამინისტრო იძულებული გახდა ჩემს მიმართ დაერღვია რამდენიმე კანონი. საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის გვერდზე დევს პრეს-რელიზი, სადაც აღწერილია ჩემი საქმე.

სამწუხაროდ, ზოგს მიაჩნია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, რომ სისტემის ზეწოლა არნახულად დიდია. მე ეს ჩემს თავზე უკვე განვიცადე. წნეხი, რაც რეჟიმს შეუძლია გამოიყენოს შენს დასაჩაგრად, თავიდან, შთამბეჭდავად გეჩვენება. თუმცა, ეს გრძნობა დროებითია. იმავე წამს ქრება, როგორც კი იაზრებ, რომ საპირისპირო მხარეს ადამიანის სულის ბუნებრივი მოთხოვნა - თავისუფლებაა! ეს ის ძალაა, რომელსაც ვერცერთი რეჟიმი წინ ვერ დაუდგება, რაც არ უნდა დაუნდობელი და გამწარებული იყოს.

როდესაც ჩვენს ქვეყანაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები ვითარდება, ერთი რიგითი დიპლომატის ბრძოლა რეჟიმის უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ, შესაძლოა, უმნიშვნელოდ ჩანდეს. მაგრამ, მე ასე არ ვთვლი! ყველა ქართველის სიტყვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სისტემის რიგითი თანამშრომლების. ხშირად, ჩვენს მიერ დარღვეული დუმილი უფრო მტკივნეულად ჟღერს, ვიდრე ელჩების, თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირებისა.

მინდა ყველა ქართველ საჯარო მოხელეს მივმართო, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ვინც აირჩია ნათელი მომავალი, ევროპული მომავალი!

ვიცი, როგორი გაუსაძლისია თქვენთვის ეს ვითარება, სადაც მოკლებული ხართ სიტყვის თავისუფლებას, ხოლო ნებისმიერი საპირისპირო ხედვა დასჯადია. ამის მიუხედავად, ვიცი, რომ მაინც ცდილობთ დაიცვათ ქვეყანა როგორც გარე, ისე შიდა მტრებისგან. ნუ იფიქრებთ, რომ მარტო ხართ, ნუ იფიქრებთ რომ თქვენს ძალისხმევას არ აქვს გავლენა. ზუსტად რიგით თანამშრომლებზე დგას სისტემა. რეჟიმი გრძნობს თქვენს ძალას და ამიტომ იძულებულია, გაზარდოს წნეხი. ტირანია მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ეს რეპრესიული წნეხი მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკან დიდი შიში იმალება, შიში თქვენს მიმართ!

ისინი დარწმუნებული არიან, რომ ჩვენი დაჩაგვრა მარტივად გამოუვათ, დაგვადუმებენ და ღირსებას ჩამოგვართმევენ. მაგრამ, ცდებიან! მჯერა, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ყველა ჩვენგანის ბრძოლაში შეტანილი მცირედი წვლილი, ერთიანად, გაუსაძლისი აღმოჩნდება რეჟიმისთვის და იგი გატყდება!

მე თავს არ ვგრძნობ მარტოდ! ვიცი, რომ ზურგს უამრავი ადამიანი მიმაგრებს, თავისუფლების მოყვარე მეომრები. მალე მოვა დღე, როდესაც საქართველო განთავისუფლდება, მაგრამ ამისთვის, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა!“ - წერს გოგოლაძე სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება