ჯაბა სამუშია სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თსუ-სა და სოფიის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„ჯაბა სამუშიამ მასპინძლებს თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები გააცნო და ისაუბრა შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი პუბლიკაციებისა და კვლევითი პროექტების განხორციელებას. ასევე, დაიგეგმა 2025 წელს ერთობლივი ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოწყობა ბულგარეთსა და საქართველოში.

სოფიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თსუ დელეგაციის წევრებს, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, ისტორიის ფაკულტეტის ფუნქციონირების პრინციპები გააცნეს და სასწავლო სივრცეები დაათვალიერებინეს. გარდა ამისა, მოინახულეს პალეონტოლოგიისა და ისტორიული გეოლოგიის მუზეუმი, სადაც განთავსებულია ბულგარეთისა და მეზობელი ტერიტორიების 200 000-ზე მეტი ნამარხი ნიმუში, კლდის ნიმუშები და გეოლოგიური რუკები.

თსუ დელეგაცია ასევე ესტუმრა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რომელიც 2,686,121 ერთეულზე მეტი წიგნადი ფონდით პირველი აკადემიური და უდიდესი სამეცნიერო ბიბლიოთეკაა ბულგარეთში.

სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ბულგარეთში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაფუძნდა, ეტაპობრივად გადაიქცა ბალკანეთის მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრად და დღეს 16 ფაკულტეტით ქვეყნის უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია.

ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა პეტრიწონის მონასტერში ბაჩკოვოს ეპარქიის არქიეპისკოპოსთან სოინი ველიჩკისთან. დაიგეგმა ერთობლივი ქართულ-ბულგარული საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება, რომელიც მიეძღვნება ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიას. დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს პეტრიწონის მონასტერში დაცული ქართული სიძველეები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო