ირაკლი კობახიძე - თუ ჩვენ განვითარების დღევანდელ ტემპს შევინარჩუნებთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს

თუ ჩვენ განვითარების დღევანდელ ტემპს შევინარჩუნებთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გორში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის მიღწევები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და რომლებზეც საქართველოს მომავალი განვითარება უნდა დავაფუძნოთ.

„წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში სიკვდილიანობა; გათავისუფლდა ბიზნესი და დამკვიდრდა მედიის თავისუფლება; ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არა უცხოური აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული სუვერენული ხელისუფლება მართავს; საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს 28 მილიარდი ლარი იყო, ამ წლის ბოლოს კი 90 მილიარდ ლარს მიაღწევს; მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით, ხოლო ბიუჯეტი - 10 მილიარდი ლარით გაიზარდა; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სამჯერ გაიზარდა პენსიები და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი; რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი; ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც კონკრეტულად შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გააორმაგა და ამ პროდუქციის ექსპორტი გაასამმაგა; ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა; 680 ათასმა მოქალაქემ ქვეყნის მასშტაბით დააღწია თავი სიღარიბეს; „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია; საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ საქართველო განვითარების დღევანდელ ტემპს შეინარჩუნებს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა და 10 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტი.

„მინიმუმამდე დავიყვანთ უმუშევრობასა და სიღარიბეს, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. ამ ყველაფრისთვის კი, მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა, რისთვისაც 26 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. 3 ათასი წლის განმავლობაში საქართველოს უამრავი ქარტეხილი აქვს გამოვლილი. მაგრამ სადაც ერთ მუშტად იყო შეკრული ერი და ბერი, სადაც ქართველი ხალხი ერთად იდგა საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის - მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად, საქართველოს დამარცხება ვერავინ შეძლო. საქართველოს ვერც 26 ოქტომბერს ვერავინ დაამარცხებს. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო