საია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე, აქტივობებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე, აქტივობებთან დაკავშირებული (მათ შორის, ჩატარებული ღონისძიებების ხარჯები, ვიდეორგოლების დამზადებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია) ინფორმაციის გამოთხოვას ეხმაურება.

როგორც საიაში აღნიშნავენ, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით 6 სექტემბერს მიმართა.

მათივე ცნობით, საიამ შეისწავლა ბიუროს მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 სექტემბრის ბრძანება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით კი, იკვეთება, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ისე დააყენა შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომ არ არის დასაბუთებული, დაწყებულია თუ არა მონიტორინგის პროცესი და კანონით გათვალისწინებული კონკრეტულად რომლის სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს მონიტორინგი.

„2024 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ნებისმიერი პირისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ანტიკორუფციული ბიუროს თვითნებური გადაწყვეტილებების რისკები, კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლო კონტროლის მექანიზმი. შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ისე დააყენა შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომ არ არის დასაბუთებული, დაწყებულია თუ არა მონიტორინგის პროცესი და კანონით გათვალისწინებული კონკრეტულად რომლის სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელება დაწყებულია მოძრაობა/ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ მიმართ, არ არის დასაბუთებული, ვრცელდება თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ამ ტიპის საქმიანობაზე. ასევე, არ არის დასაბუთებული გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობის საჭიროება და მიზანთან თავსებადობა. იმ პირობებში, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ არის მიღწეული, მის მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები წარმოშობს ეჭვებს ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის თვითნებური გამოყენების თაობაზე. ამგვარი გადაწყვეტილებები აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის შემცირების რისკს. ასეთ პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასამართლომ შეასრულოს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი და მიუკერძოებელი განხილვა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქციები. სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება არ სცემს პასუხებს საქმისათვის მნიშვნელოვან არცერთ კითხვას.

საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით, თავისი საქმიანობა წარმართონ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეაფასონ პირთა ძირითადი უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკები," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება