გიორგი ამილახვარი - ჩვენ გვაქვს გრაფიკი, რომ 2100-მდე სკოლაში, რომელთაგან დიდი ნაწილი დაზიანებულია, 3-4 წლის განმავლობაში ყველა პრობლემა მოგვარდეს

ვიცი, რომ ზოგიერთი სკოლის მოსწავლეები რამდენიმე ცვლაში არიან გადანაწილებული. მადლობა საზოგადოებას, რომ ამის ურთიერთგაგება არსებობს. საზოგადოება გვისმენს და ამას შეძლებისდაგვარად გაგებით ეკიდება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების სრულად მოგვარებას სჭირდება დრო.

„ვიცი, რომ არის სკოლები, სადაც რამდენიმე სკოლის მოსწავლეები რამდენიმე ცვლაში არიან გადანაწილებული. ეს პრობლემები ჩვენ დროს არ დაგროვებულა. ეს მომდინარეობს ათწლეულებია. ამის მოგვარებას გარკვეული დრო სჭირდება. მადლობა საზოგადოებას, რომ ამის ურთიერთგაგება არსებობს. საზოგადოება გვისმენს და ამას შეძლებისდაგვარად გაგებით ეკიდება. თუმცა მესმის თითოეული მოსწავლისა და მშობლის, რომელიც ამ უხერხულობაშია ერთი ან ორი წელია. როცა იდება დასკვნა, ამა თუ იმ სკოლის ავარიულობასთან დაკავშირებით, ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ მოსწავლეების უსაფრთხოება და ისინი შეძლებისდაგვარად უახლოეს სკოლებში გავიყვანოთ.

დღეის მდგომარეობით, პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს 200 სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაციაზე, საიდანაც 100 სკოლაში განახლება წელს სრულდება, მათ შორის 60 სკოლაში სექტემბერ-ოქტომბერში. კიდევ 100 სკოლაში, ბუნებრივია, გრძელდება და მათი დიდი უმრავლესობა მომავალ წელს დასრულდება. რაც შეეხება დამატებით სხვა სკოლებს, სადაც ინფრასტრუქტურული პრობლემებია, დაახლოებითი რაოდენობის დასახელება რთულია, ზუსტდება, მიმდინარეობს აღწერა და 2025 - 2026 წლებში ასეულობით სკოლაზე დაიგეგმება მასშტაბური სატენდერო პროცედურების დაწყება.

ჩვენ გვაქვს გრაფიკი, რომ 2100-მდე სკოლაში, რომელთაგანაც დიდი ნაწილი დაზიანებულია, 3-4 წლის განმავლობაში ყველა პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება