საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

2025 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის წამყვანი ავიაკომპანია, ბრიტანული easyJet შემოდის. ახალი ევროპული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ახალი მიმართულებით - ლონდონში, ჟენევასა და მილანში იფრენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას დაუკავშირებს.

„კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე არის ჩვენი ქვეყნის საავიაციო კონკურენტუნარიანობის აღიარება, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ტურისტულ პოტენციალზე. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით მარტივი ნამდვილად არ იყო. თუმცა, გვიხარია, რომ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს და easyJet-ი, რომელიც ბრიტანულ მულტინაციონალურ „ლოუქოსთს" წარმოადგენს, ფრენებს საქართველოში ერთდროულად ევროპის სამი ქალაქიდან იწყებს - ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან, ჟენევიდან და მილანიდან, სადაც მას ყველაზე მსხვილი ბაზები გააჩნია და ჩვენთვის კი სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენს. რაც მთავარია, ფრენები მოგზაურებისთვის იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. იმედი გვაქვს, რომ მგზავრთა ნაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება-" განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა მილანის მიმართულებით დაიწყება. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.

ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.easyjet.com ხელმისაწვდომ ფასად უკვე შესაძლებელია.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათავო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება