საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება, არჩევნებში მონაწილე მაღალჩინოსნები კი, პრემიერ-მინისტრის გარდა, თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ

26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ.

ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე განაცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა კი, “საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ. მათ ამისთვის ვადა 28 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.

არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, კანონი თანამდებობიდან გადადგომას შემდეგ თანამდებობის პირებს ავალდებულებს: - პრეზიდენტი, მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები; მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; პრეზიდენტის მრჩევლები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე.

თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია 25 პარტიამ გაიარა.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში საარჩევნო სიების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობა აქვთ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი