ვახტანგ ცინცაძე - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს 2024 წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება

აზიის განვითარების ბანკმა სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 7% იქნება, როცა წინა - აპრილის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა.

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა 2025 წელსაც შენარჩუნდება და 5.5%-ს გაუტოლდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აზიის განვითარების ბანკის მიმოხილვის ორ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას - საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით 2024 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება და მეორე - წინა პროგნოზთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტადაა გაზრდილი.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმოხილვის თანახმად, საქართველოში ინფლაციის პროგნოზი შემცირების მიმართულებით გადაიხედა და საშუალოდ 2.5%-ს შეადგენს. ასევე აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად შემცირებულ უმუშევრობაზე - 2024 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებით ის ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 13.7%-ს შეადგენს", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, არამედ აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორისაც. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს - რომ საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდება და იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, წელს პირველი შვიდი თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტემპი მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქვეყნებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება