„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ Chiatura Management Company-ის განცხადებაზე - მიუღებელია ის, თუ როგორ მოიხსენიებენ ამ განცხადებაში სამოქალაქო ორგანიზაციებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ Chiatura Management Company-ს ბრალდებებს პასუხობს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, მათთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები რადიკალურ ჯგუფებად არიან მოხსენიებულები. ამასთან, განმარტავენ, რომ შუქრუთში ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა, იქნება ეს საცხოვრისი, თუ გარემოსდაცვითი უფლება, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა მათ მისიას წარმოადგენს.

„მიუღებელია ის, თუ როგორ მოიხსენიებენ ამ განცხადებაში სამოქალაქო ორგანიზაციებს, თითქოს, რადიკალური ჯგუფია, რომელიც პოლიტიკური მიზნებით მოქმედებს. ეს რიტორიკა ძალიან ჰგავს ხელისუფლების რიტორიკას, როდესაც რუსული კანონის მიღებისას სამოქალაქო ორგანიზაციები პოლიტიკურ ჯგუფებად მოიხსენიეს. ჩვენ ვმუშაობთ ადამიანების უფლებების დაცვაზე. იცით, შუქრუთში ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა, იქნება ეს საცხოვრისი, გარემოსდაცვითი უფლება თუ სხვა. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი მისიაა. თავად კომპანია საკუთარ განცხადებაში არ უარყოფს, რომ შუქრუთში არიან ადამიანები, რომელთაც როგორ მინიმუმ სრულად არ მიუღიათ კომპენსაცია. ჩვენთვის რთულია ამ ბუღალტერიაში შევიდეთ, წლების განმავლობაში კომპანია აფორმებდა ხელშეკრულებებს, მემორანდუმებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ჩაერთოს და სათითაოდ აღირიცხოს, თუ ვინმეს რაიმე აქვს მიღებული რამდენად არის მათი სრული დაკმაყოფილება.

ჩვენთვის ნათელია, რომ შუქრთულებს, რომელთაც სახლები დაენგრათ სრულად და ადეკვატურად არ არიან ანაზღაურებულები, ეს ადამიანები 20 დღეზე მეტია შიმშილობენ. კომპანიის პასუხისმგებლობაა როგორც მინიმუმ სამართლებრივად დაელაპარაკოს ამ ხალხს. ჩვენ გვთავაზობენ შეხვედრას და კი ბატონო, მზად ვართ ადგილობრივებთან ერთად შევხვდეთ, ასევე იმ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამთო-მოპოვებით რეგულირებაზე“,- აღნიშნა სალომე შუბლაძემ.

ინფორმაციისთვის, Chiatura Management Company საქართველოს პარლამენტთან, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციას განცხადებით გამოეხმაურა. როგორც კომპანია CMC-ში აღნიშნავენ, „ადამიანთა რადიკალური ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს სოფელ შუქრუთში მიმდინარე დესტრუქციულ პროცესს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას, სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება