ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის მიღება გამართა

მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის ცერემონიების სასახლეში მიღება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუმრებს უმასპინძლა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი გლობალური გამოწვევების ფონზე რეგიონში და არა მარტო. ამდენად, ძალიან სიმბოლურია, რომ წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა სწორედ „მშვიდობა და ტურიზმია". მშვიდობა უაღრესად მნიშვნელოვანია კეთილდღეობისთვის, წარმატებისთვის და მათ შორის, მდგრადი ტურიზმისთვის", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტურიზმი ეკონომიკის განსაკუთრებული, მრავალკომპონენტიანი დარგია და საზოგადოებების განსხვავებულ წარმომადგენლებს აერთიანებს.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის ღონისძიების ჩატარება - რამდენიმე დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები ინდუსტრიის განვითარების თაობაზე, ტურიზმის სექტორის ლიდერებს კი შეეძლებათ, ისაუბრონ მდგრადი ტურიზმის მომავლის, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარებამ გააძლიეროს ქვეყნების ეკონომიკური ზრდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის დიდ მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო დიდ პოტენციალზე.

„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია და მშპ-ს 10%-ზე მეტს შეადგენს. ამასთან, იგი მოიცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ რეგიონს და უამრავი ოჯახია ჩართული ამ დარგის განვითარებაში. თუმცა, ჩვენთვის ტურიზმი მხოლოდ ბიზნესი და ეკონომიკა არაა და უპირველეს ყოვლისა, სტუმარ-მასპინძლობაზე გადის. ვფიქრობ, ქართული ტურიზმის ყველაზე ძლიერი მახასიათებელი სწორედ მასპინძლობაა, ვინაიდან სტუმრის მასპინძლობა ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ასევე ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყნებს წარმოადგენთ და კარგად გესმით, რაზეც ვსაუბრობ. უტყუარი ფაქტია, რომ როდესაც უცხოელი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, ვიზიტის ბოლოს საქართველოს ტოვებს როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარი და არა უბრალოდ ვიზიტორი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, როდესაც თქვენ სახლებში გაემგზავრებით, მოგენატრებათ საქართველო და აუცილებლად კიდევ გვეწვევით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო წელს პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან. 27 სექტემბერს 11.00 საათზე თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში" გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება