სტუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეცნიერების ფესტივალზე წარმატებით გამოვიდა

„ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მდინარის მოტივტივე ტურბინის მოდელი, ახალი სახეობის მზის ელემენტები, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები, ჭკვიანი მორწყვის სისტემა Arduino UNO, ტრანსფორმირებადი სახის რეფლექტორული ანტენის ჩარჩოს კონსტრუქციული გადაწყვეტის ამოცანა, ჭკვიანი კარის მოდელი Arduino UNO, თვითმფრინავის ძრავის დისტანციური მართვა, კომპიუტერების მუზეუმი, რეალური ხიდის კონსტრუქცია და სხვადასხვა ვარიანტის ხიდების 3D ანიმაცია, პორტატიული ნიტრატ-ტესტერი სასოფლო-სამეურნეო კვების პროდუქტებისათვის, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, საქართველოს მინერალები, ქანები და მადნები, კომპოზიციები, პროექტები, მაკეტები, - ესაა მცირე ჩამონათვალი იმ ექსპოზიციიდან, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა წარადგინეს გორში მეცნიერების ფესტივალზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალის ფარგლებში ერთგვარად შეჯამდა მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მიღწევები”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ მეცნიერების ფესტივალში საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ს ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში ტარდება მეცნიერების ფესტივალი - "ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის". ფესტივალი 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. 26 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში გორში გაიმართა ღონისძიება, სადაც დამთვალიერებლების წინაშე, ფესტივალის ორგანიზებაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი პარტნიორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წარსდგა.

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი ახალგაზრდა თაობის მკვლევართა აღზრდაში უსაზღვროდ დიდია. თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, გლობალური კოლაბორაციის ფარგლებში, წარმატებით ახორციელებენ საერთაშორისო პროექტებს მსოფლიოს ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ახალგაზრდა მკვლევრების მაღალკვალიფიციურობას.

“საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს, რაც მომავალ მეცნიერთათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის განვითარებისა და წარმატებისთვის. გვჯერა, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს მხარდაჭერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები ჯეროვნად გამოიყენებენ და საქართველოს სახელს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატებით გაიტანენ”, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, მეცნიერების ფესტივალზე - "ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის", საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ექსპოზიციებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება