საკოორდინაციო მექანიზმი შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნას აგრძელებს

27 სექტემბერს, ერგნეთში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მეოცე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, 2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის დახმარებითა და ტექნიკური მხარდაჭერით დაარსდა, როგორც ჰუმანიტარული პლატფორმა.

გარდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო შეხვედრის (2024 წლის მარტი) შემდეგ განვითარებული მოვლენებისა, შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, რაც აუცილებელია ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული 118 ადამიანის ხვედრის გასარკვევად.

„საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, მონაწილეებს შორის გამართული ჰუმანიტარული დიალოგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებისთვის პასუხების გასაცემად", - განაცხადა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანმა კავკასიაში ანიეს ქოთუმ, რომელიც შეხვედრას თავმჯდომარეობდა.

„გარდა დიალოგისა, მექანიზმის მე-20 შეხვედრის ფარგლებში სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრისას, უმნიშვნელოვანესია მოძიებისა და ამოცნობის პროცესში ჩართულ სხვადასხვა ორგანიზაციას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინება ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების უფრო ეფექტური და მდგრადი მხარდაჭერა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს უფლება აქვთ იცოდნენ, რა შეემთხვათ მათ ახლობლებს. მათი ადგილ-სამყოფლის დასადგენად აუცილებელია სანდო ინფორმაცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება