გიგი გიგიაძე - ლავროვის განცხადების მოწონება ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, შესაძლოა, კონფლიქტების რუსული პერსპექტივიდან აღქმას განიხილავდეს

სერგეი ლავროვის განცხადება ზუსტად იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც წლებია რუსეთს საქართველოს მიმართ აქვს, რომ ვითომ საქართველოს ტერიტორიაზე სამი სახელმწიფოა - ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების მოწონება იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლებელია ამ კონფლიქტების რუსული პერსპექტივიდან აღქმას განიხილავდეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განუცხადა.

გიგიაძის შეფასებით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მხრიდან ლავროვის განცხადების პოზიტიურად შეფასებით და სხვა მსგავსი გზავნილების გაკეთებით “თანმიმდევრულად იმ ხაზის შემოპარება ხდება, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება და პირდაპირ რუსეთის ინტერესებზე ასხამს წყალს“.

კითხვაზე, სერგეი ლავროვს რატომ არ პასუხობს თავად საქართველოს საგარეო უწყება, გიგიაძემ განაცხადა, რომ “ბოლო პერიოდში, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ფუნქცია და პოზიცია დაკარგა“.

“უპირველეს ყოვლისა, სერგეი ლავროვის განცხადება “ქართული ოცნებისთვის“ სამაშველო რგოლი იყო. რუსეთი და “ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს. სერგეი ლავროვის განცხადებაში იყო პასუხი “ქართული ოცნების მცდელობაზე, რომ თითქოსდა, რაღაცა ფორმით საქართველოში ეთნიკური პრობლემების დარეგულირებას აპირებს.

ლავროვმა ძალიან კონკრეტულად აღნიშნა, რომ საუბარია საქართველოს “მეზობელ სახელმწიფოებზე“. ეს პირდაპირ მიანიშნებს, თუ როგორია რუსეთის დამოკიდებულება - რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ხედავს არა ერთ ქვეყანას, არამედ სამ ქვეყანას და გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი განცხადება საქართველოში რომელიმე ადამიანისათვის, ამ ქვეყნის პატრიოტისთვის მისაღები ყოფილიყო ან რა კუთხით შეიძლება ის მისაღები და მოსაწონი იყოს?!

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს. შესაბამისად, ერთადერთი გზა იმისა, რომ ამ რეგიონებთან საუბარი დაიწყოს რუსეთის ფაქტორის გამორიცხვაა. რუსეთი არასდროს იქნება დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით და საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებით. რუსეთის ის ძალა არ არის, რომელიც რაღაცა ფორმით ეთნიკური პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ლავროვის განცხადება ზუსტად იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც წლებია რუსეთს საქართველოს მიმართ აქვს, რომ ვითომ საქართველოს ტერიტორიაზე არის სამი სახელმწიფო. ეს საქართველოსთვის და ნებისმიერი პატრიოტისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ეს დასტურია იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.

ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება სერგეი ლავროვის განცხადების მოწონება - ერთადერთი, რომ ეს დადებით კონტექსტში დაინახო, არის “ქართული ოცნების“ მცდელობა, მაქსიმალურად გამოამჟღავნოს საკუთარი თავი, როგორც ცალსახად პრორუსული ნარატივის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად “ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან. ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.

პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება