ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ხალხმა

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა, - ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მესამე სექტორის სიმართლის აღიარება მოუწია.

„მოგესალმებით გამარჯვებულების სახელით. ჩვენ, „აირჩიე ევროპა“ ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების პირველი სამიზნე. 6 სექტემბერს დაიწყო ეს რეპრესიები ჩვენს წინააღმდეგ და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველყოვლისა იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება. მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვიხსენით საქართველოს ყველა მოქალაქე პოლიტიკური ტერორისგან და რაც მთავარია, ეს არის „აირჩეს ევროპას“ მიერ გადადგმული პირველი და ძალიან მძლავრი ნაბიჯი და აგური 26 ოქტომბრის საერთო სახალხო გამარჯვების გზაზე, საქართველოს გამარჯვების გზაზე,“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ხელისუფლებამ დაინახა ის, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სტატუსი მიენიჭებინა ორგანიზაცია „აირჩიე ევროპისთვის“, ამით 26 ოქტომბრის არჩევნებს სრული დელეგიტიმაცია ემუქრებოდა.

„ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებაში ბევრი რამ ამოვიკითხეთ. ჯერ ერთი ის, რომ სრულიად არაკანონიერი და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება იყო და საკონსტიტუციო სასამართლოშიც ვაპირებთ შესაბამის სარჩელის შეტანას სწორედ ამ კანონის იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ, ოპოზიციას გამოეპარა მაისში. ეს არ უნდა დამართოდათ იმიტომ, რომ ამ კანონით და ყველაფრით აჩვენა, რომ ეს რუსულ კანონზე გაცილებით მასშტაბური რეკეტის, შანტაჟისა და ზეწოლის იარაღია დღევანდელი ხელისუფლების ხელში. მეორე, ის, რომ დაინახეს, რომ ამ გზით არჩევნებს ემუქრებოდა სრული დელეგიტიმაცია, რაც აუცილებლად გამოიწვევდა არჩევნების შედეგების არაღიარებას, როგორც „ქართველი ხალხის“, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. როგორც ჩანს, ეს იყო მათი ძირითადი მოტივატორი. დაინახეს, რომ სრულიად თვალხილულ უკანონობას სჩადიოდნენ და დაინახეს ის,რომ ამ უკანონობას ქართველი ხალხი არ აპატიებდა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა. მანამდე, აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. კერძოდ, პრემიერმა გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა