ჩვენ უნდა ვიაროთ „ილიას გზით“ და ეს გაწყვეტილი ძარღვი, რომელიც კომუნისტებმა გაწყვიტეს, უნდა დავიბრუნოთ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ილია მოკლეს 117 წლის წინ, მაგრამ მისი იდეა და ხედვა, თუ სად უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, ვერ მოკლეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამბროლაურში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მან იმ გეგმებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული კოალიცია 27 ოქტომბრიდან შეასრულებს.
„რა მოგვიტანა ოცმა წელმა? ამ ქვეყანას 20 წელი მართავდა ორი პარტია და დღეს, ისევ უნუგეშო მდგომარეობაში ჩავვარდით, განსაკუთრებით ბოლო 12 წლის მანძილზე, „ქართული ოცნების“ წყალობით, რადგან პრაქტიკულად, კარები მიუხურა იმ არჩევანს, რომელიც ჩვენმა, თქვენმა თითოეულმა ხმამ მისცა და კონსტიტუციაში ჩავწერეთ - ეს არის ევროპული არჩევანი. ჩვენ ვართ ძველი, ღირსეული ევროპული ქვეყანა და სწორედ ევროპაშია ჩვენი ადგილი. რატომ ევროპაში? ჩვენ რა დამოუკიდებლები არ ვართ? თავისუფლები არ ვართ? რა თქმა უნდა, დამოუკიდებლებიც ვართ და თავისუფლებიც, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სივრცე, სადაც ამ დამოუკიდებლობას, ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ უსაფრთხოებას მივიღებთ და ასეთი სივრცე არ არის რეორგანიზებული საბჭოთა კავშირი, ასეთი სივრცე არის ევროპა და იქ უნდა ვიყოთ ჩვენ, სადაც წარვადგენთ სწორედ იმას და იმ პროგრამას, რომლითაც ვიამაყებთ: ჩვენი მამული, ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება და სწორედ ამიტომ დავარქვით ჩვენს პროგრამას „ილიას გზა“". ჩვენ უნდა ვიაროთ „ილიას გზით“ და ეს გაწყვეტილი ძარღვი, რომელიც კომუნისტებმა გაწყვიტეს, უნდა დავიბრუნოთ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ილია მოკლეს 117 წლის წინ, მაგრამ მისი იდეა და ხედვა თუ სად უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, ვერ მოკლეს. ევროპის მოედანია ის ადგილი, სადაც ჩვენ გვექნება ძლიერი ეკონომიკაც, მაღალი პენსიებიც და ა.შ...
650 000 ადამიანი საქართველოში სოციალურ კმაყოფაზე არის. ეს რას ნიშნავს მეგობრებო? 650 000 ადამიანს უთხრეს, იცი რა, შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, მე ყოველთვიურად ფულს მოგცემ და თუ სადმე სამსახური იშოვე, ამასაც წაგართმევ. ჩემთან სოფელში ვიყავი, ეკლესიის კურთხევა იყო. კურთხევის შემდეგ ტრაპეზი მოეწყო, ერთ-ერთმა მამაომ თქვა, რომ აქ ხმა დადისო, რომ სოცმუშაკი რომ მოდის ხალხი ერთმანეთს ეუბნება მოხუცი მათხოვე მწოლიარეო, რომ ვაჩვენოო, გესმით, სანამდე მივიდა სიტუაცია? სასაცილოც აღარ არის ეს ყველაფერი!
63 მილიარდი ლარი არის სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში და ბიუჯეტში შედის 250 მილიონი ლარი. მთელი ბიზნესის ბრუნვა 240 მილიარდი, ანუ თითქმის 1/3-ზე მეტი არის სათამაშო ბიზნესი, კაზინო, სადაც ჩვენი ახალგაზრდები და არამარტო, უბედურდებიან. ეს არ არის ის ბიზნესი, რომელიც დოვლათს ქმნის. არ ვარ მომხრე რამის დაკეტვის, მე ვარ მომხრე სამართლიანად დაიბეგროს ის ინდუსტრია რომელიც დოვლათს არ ქმნის. 1 ან 2%-ის მატება ბრუნვაში შეგიძლიათ აქვე გადაითვალოთ რამხელა შემოსავალს იძლევა იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ ჩვენი ბებიების და ბაბუების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ და მათ დაინახონ, როცა მთელი ცხოვრება შრომობ, როცა მთელი ცხოვრება მოღვაწეობ, სახელმწიფომ არ უნდა მიგაგდოს ბედის ანაბარა. ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე, ვიღაცამ უნდა თქვას ამის შესახებ. ჩვენ ვთქვით ამის შესახებ და ამას გავაკეთებთ აუცილებლად. რთულია ეს საკითხი? ძალიან რთულია, მაგრამ გამკეთებლები ვართ“, - განაცხადა ხაზარაძემ.