თსუ-ში სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც თსუ-ში „სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე“ ისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამა ითვალისწინებს ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებას და კომპეტენციების ამაღლებას დარგობრივ (არჩევით) საგნებში „ეროვნული სასწავლო გეგმის“ შესაბამისად.

„ამ პროექტს ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება უნივერსიტეტის მხრიდან. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება თქვენმა თაობამ უნდა შეძლოს. ამ საქმეში თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ, თქვენ ჩვენი ქვეყნის დესპანები ხართ, ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ ერასმუს პლუსის პროექტის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებშიც ისწავლოთ ერთი სემესტრი“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

„სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დამტკიცდა. ამჟამად პროგრამაზე ჩარიცხულია 14 ბენეფიციარი.

პროგრამა განკუთვნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ პირებისთვის, რომელთაც სრული ზოგადი განათლება რუსულ ენაზე აქვთ მიღებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

პროგრამით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების საფეხურზე ბენეფიციარი შეიძენს მყარ, ფუნქციებად გადანაწილებულ ცოდნას და მოამზადებს მას უმაღლესი განათლების საფეხურისათვის.

„სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამას“ უხელმძღვანელებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი ინგა სანიკიძე, ხოლო კოორდინაციას გაუწევს თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების უფროსი შოთა კეჟერაშვილი.

პროგრამის მიზანია, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების უფლების რეალიზაციას და მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღებას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება