აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა და ყველა ის პრობლემა, რაც დღეს არის, დაკავშირებულია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, ანაკლიის მშენებლობაზე, ქალაქ ანაკლიის მშენებლობაზე, ჩვენი დევნილების ჩართვაზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, „ძლიერ საქართველოს“ აქვს გეგმა, საქართველოს ეკონომიკა 4 წელიწადში გააორმაგოს.
მისი თქმით, ამის რესურსი ქვეყანას აქვს, გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე და ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, ეს შესაძლებელია.
„ჩვენ ძალიან სერიოზული გეგმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს 4 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა გავაორმაგოთ. ეს არ არის მარტივი საქმე, მაგრამ ეს შესაძლებელია. ასეთი ნახტომი გაუკეთებია ჩვენი ზომის ძალიან ბევრ ქვეყანას და ჩვენ შეგვიძლია, ველოსიპედი არ გამოვიგონოთ, მით უმეტეს ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით და იმ გამოუყენებელი რესურსის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს. რა არის ეს რესურსი? პირველ რიგში, ტვინები, რომლებიც ქვეყნიდან გავიდნენ. ჩვენ უნდა შევკრიბოთ ეს ტვინები, დავიბრუნოთ, ჩავრთოთ ქვეყნის აღმშენებლობაში. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს არის შესაძლებელი.
რაც შეეხება აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემას, ესეც პირდაპირ ეკონომიკაზეა მიბმული. ჩვენ უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში, აფხაზ და ოს ძმებს და დებს, რომ აქ ცხოვრება არის ბედნიერი, აქ ქალიც, კაციც შემოსავლიანია და ოჯახი ძლიერია, სოცუზრუნველყოფა კარგია, ჯარი ჯარს ჰგავს, პოლიცია პოლიციას, მასწავლებლის ხელფასი არის არა ისეთი, როგორიც გალში ან სოხუმშია, არამედ ისეთი, როგორიც ევროპული სტანდარტია. ეს არის ჩვენი ამბიცია. უკეთესი კაბინეტიც მაქვს, სკამიც და თავისუფლებაც. მე ჩემს მეგობრებთან ერთად იმიტომ მოვდივარ, რომ ამ ძალიან რთულ ამოცანას შევეჭიდოთ იმიტომ კი არა, რომ ექსპერიმენტი ჩავატაროთ, არამედ ვიცით როგორ გავაკეთოთ. ამიტომ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა და ყველა ის პრობლემა, რაც დღეს არის, დაკავშირებულია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, ანაკლიის მშენებლობაზე, ქალაქ ანაკლიის მშენებლობაზე, ჩვენი დევნილების ჩართვაზე და უამრავ საკითხზე“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.