გამგეობის ინფორმაციით, სამტრედიის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოები თებერვალში დასრულდება

სამტრედიის ქუჩაზე, მიმდინარე წლის მარტში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოები 4 თვეში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ორ სადარბაზოში დროებითი გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა იყო.

„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მე-2 და მე-3 სადარბაზოების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო, სადარბაზოების მდგრადობა არ იყო უზრუნველყოფილი და ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისი იყო. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა სადარბაზოებში ჩატარებულიყო დროებითი გაძლიერებითი სამუშაოები, ხოლო შემდგომ აღდგენა-გაძლიერება მომხდარიყო.

დიდუბის რაიონის გამგეობამ სამტრედიის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებები განახორციელა, მომზადდა შენობა-ნაგებობის გამაგრება-გაძლიერების პროექტი და ჩატარდა გეოლოგიური კვლევები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები, რომელიც 2025 წლის თებერვლის თვეში დასრულდება. აღნიშნული კორპუსის პირველ და მეოთხე სადარბაზოებში მოსახლეობა ცხოვრობს, ხოლო მეორე და მესამე სადარბაზოებიდან მოსახლეობა გაყვანილია და ოჯახები გამგეობას ქირით ჰყავს უზრუნველყოფილი. ამ ეტაპისთვის, ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია.

პროექტის ღირებულება 3 518 180 ლარია, შპს „ნადიგო” ახორციელებს“, - განაცხადეს დიდუბის რაიონის გამგეობაში.

ცნობისთვის, სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება მიმდინარე წლის 13 მარტს მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე კომერციულ ფართში გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აღნიშნულის შედეგად რამდენიმე სადარბაზო დაზიანდა, 28 ოჯახი მერიამ იჯარით გაიყვანა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს