12 დღეში, თითოეულმა თქვენგანმა სრული მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ და ერთხელ და სამუდამოდ ამ დაჭაობებულ პოლიტიკას ვუთხრათ უარი, დავამთავროთ "ქართული ოცნების" პოლიტიკა საქართველოში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბათუმში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ შეკრებილებს განუცხადა, აჭარამ მშვიდობიან, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლისთვის გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს.
„ერთად უნდა გავეშუროთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც საქართველოს ადგილია, ეს არის დასავლეთი, ეს არის ევროპა - იქ, სადაც ჩვენს ყველა მაგარ თვისებას, ჩვენს ენას, მამულს სარწმუნოებას და ყველაფერ იმას, რასაც ჩვენმა წინაპრებმა დღევანდელ დღემდე მოიტანეს, გავიტანთ, ვიამაყებთ და, რაც ყველაზე მთავარია, გავხდებით ამ ძალიან დიდი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები.
ჩემთვის ბათუმი არის განსაკუთრებული ქალაქი. ბებიაჩემი ანა და ბაბუაჩემ პავლე, ზედმეტსახელად "ჟაკო", აქ შეხვდნენ ერთმანეთს და რომ არა მათი შეხვედრა მე აქ არ ვიქნებოდი და ჩათვალეთ, რომ ნახევრად ბათუმელი ვარ. ჩემს დასთან ერთად რომ ჩამოვდიოდი ზაფხულობით, განცდა მქონდა, რომ სახლში მოვდიოდი, ეს განსაკუთრებული სითბო აქვს ამ ქალაქს, განსაკუთრებული ხალხია და განსაკუთრებული სითბოს მატარებელი ქალაქია.
გულწრფელი უნდა ვიყო თქვენთან, წლების განმავლობაში ეს გრძნობა ნელ-ნელა იკარგება იმიტომ, რომ ბათუმი, ისევე როგორც აჭარა, იცლება ჩვენი მოქალაქეებისაგან, გადიან ქვეყნის გარეთ ჩვენი ახალგაზრდები, სამუშაოს ეძებენ ქვეყნის გარეთ, მგონი, ძალიან კარგად ვიცით სად მიდიან, რომ თავიანთი ოჯახისთვის თანხები იშოვონ. მონაცემი მინდა გითხრათ - 117 000 ახალგაზრდა, 30 წლამდე ახალგაზრდამ დატოვა ჩვენი ქვეყანა. ეს არის 70%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. რატომ ხდება ეს? რატომ არის ფასები მაღალი? რატომ არ არის სამუშაო ადგილები? რატომ არის ის, რომ პენსიონერს ის პენსია არ აქვს, რომლითაც ის არჩევანს არ გააკეთებ წამალსა და საკვებს შორის. რატომ ხდება ეს? ეს თქვენი ბრალი არ არის. ეს არის იმ 12-წლიანი პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ამ ქვეყანას ასეთი ამბავი მოუტანა. ჩვენ ვართ ქვეყანა დღეს, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე კლებაში ვართ. სწორედ ეს არის ის რუსული პოლიტიკა, რომელსაც სულ გვიმეორებდნენ, საქართველო ქართველების გარეშე. ამიტომ ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, 12 დღეში, თითოეულმა თქვენგანმა და ყველამ, ვინც გვისმენს სრული მობილიზაცია გავაკეთოთ და ერთხელ და სამუდამოდ ამ დაჭაობებულ პოლიტიკას ვუთხრათ უარი, დავამთავროთ "ქართული ოცნების" პოლიტიკა საქართველოში.
ის რაც ხდება "ქართული ოცნების" პოლიტიკით ეს გზა არის არსად მიმავალი. რა გააკეთეს მათ ბოლო წლების განმავლობაში? ყველა გზა, ყველაფერი ჩაკეტეს, რომ ჩვენი ევროპული გზა იყოს ჩახერგილი. "რუსული კანონის" დროს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა ჩვენი ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ გახსოვთ, ხომ? ხელკეტებით გადაუარეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენი სუვერენიტეტის და თავისუფლების დასაცავად. ამიტომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა! მშვიდობიანი, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა, სადაც ჩვენ, განსაკუთრებით, აჭარამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი.
მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ: არჩევნებამდე შევქმენით კოალიცია ანა დოლიძის, ალეკო ელისაშვილის პარტიის, "თავისუფლების მოედნის" და "ლელოს" ბაზაზე. ამ გაერთიანებას შემოუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. გეგმა, რომელიც შევქმენით და რომელსაც ჰქვია "ილიას გზა", რომლითაც უნდა იაროს ქართველმა ერმა, ყველაფერია გაწერილი: 27 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის რეალური რეკონსტრუქცია და მშენებლობა, ძლიერი საქართველოსი, ამაში შედის, სამუშაო ადგილები 1000-ლარიანი პენსია, განათლების რეფორმა და შანსი იმისა, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც ასულები არიან, ჩვენი ემიგრანტები, მათ იგრძნონ, რომ დაიწყო საქართველოში დიდი მშენებლობა. ერთად, ყველამ ერთად ავაშენოთ ძალიან ძლიერი ქვეყანა და ამას გავაკეთებთ თქვენთან ერთად“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.